ბრენდისთვის სახელის მინიჭება ბრენდინგის ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი ეტაპია.
სანამ ბრენდის იდენტურობას დაადგენდეთ, მისთვის შესაფერისი, ზუსტი და უცვლელი სახელი გჭირდებათ. ბრენდისთვის სახელის დარქმევა ისეთივე მნიშვნელოვანი და რთულია, როგორიც ბავშვისთვის.
ბრენდის სხვა ელემენტები - ლოგო, სლოგანი, ფერები - შეიძლება, დროთა განმავლობაში შეიცვალოს, სახელი კი დარჩება.
იმ დღიდან, რაც თქვენი ბრენდის სახელი ცნობილი გახდება, ის მომხმარებელთა გონებაში თქვენი ბრენდის იმიჯის გასაღებია.
სწორად შერჩეული სახელით ყველა სხვა ბრენდისგან განსხვავებული იქნებით. იდეალურ შემთხვევაში კი იგი წარმოაჩენს თქვენს ინდივიდუალობას, ხასიათს, საბაზრო პოზიციას და თქვენი შეთავაზებების მრავალფეროვნებას.
• სახელი ასახავს ბრენდის ხასიათს, რის მიხედვითაც დაგეგმავთ ბიზნესს.
• აღწერს თქვენს შეთავაზებებს.
• ასოცირდება თქვენი ბრენდის მნიშვნელობასთან.
• ადვილად და სასიამოვნოდ წარმოითქმის.
განსაკუთრებული და დასამახსოვრებელია. თითქმის ყველა კარგი სახელი იმარჯვებს და მხოლოდ იშვიათად ვერ ამართლებს მოლოდინს.
რა შეუძლია კარგ სახელს
კარგი, სწორად შერჩეული სახელი, მისი აჟღერების დღიდან, თქვენს ბიზნესსა და კონცეფციასთან ერთად იზრდება, უზრუნველყოფს უფრო დიდი და მყარი ორგანიზაციის განვითარებას და გამყარებას, რამაც, შესაძლოა, ახალ ბაზრამდე, ახალ გეოგრაფიულ რეგიონამდე და ახალ პროდუქტებამდეც კი მიგიყვანოთ.არ დაარქვათ ბრენდს სახელი, რომელიც განვითარებაში შეგიშლით ხელს. სწორედ ამ მიზეზით, ჭკვიანი მარკეტოლოგი არ დაარქმევს ბრენდს, მაგალითად, ასეთ სახელს: "მშრალი წმენდა პირველ ავენიუზე", თუ იგი სავსებით დარწმუნებული არ არის, რომ ყოველთვის პირველ ავენიუზე იმუშავებს და ყოველთვის მშრალ წმენდაზე იქნება ფოკუსირებული, როგორც ბრენდის უპირველეს და ერთადერთ პროდუქტზე.
ბრენდისთვის სახელის დარქმევამდე წერილობით ჩამოაყალიბეთ და განიხილეთ თქვენი ბრენდის იდენტურობის დებულება. ეს დაგეხმარებათ აირჩიოთ სახელი, რომელიც ბრენდის იდენტურობის დებულების სამი ელემენტის შესაბამისია: 1. მიზნობრივი ბაზარი, 2. დაპირება, 3. სტილი და განწყობა, რომელსაც იყენებთ თქვენი ბიზნესის ხასიათის გადმოსაცემად.
სახელი, რომელიც ზუსტად არ ასახავს ბრენდის იდენტურობას, არ გადმოსცემს თქვენი მიზნობრივი ბაზრის არსს ან თქვენი ბრენდის ხასიათს, მაინც შეიძლება გახდეს ბრენდის შთამბეჭდავი და ძლიერი მახასიათებელი, თუკი (და ეს "თუ" ძალიან მნიშვნელოვანია) გსურთ და საშუალება გაქვთ, დააბანდოთ ფული მარკეტინგში, რათა ბაზარზე ცნობადობისა და აღქმისთვის განმარტოთ ეს სახელი.
მაგალითისთვის, ეს ბრენდებიც საკმარისია: Apple, Google, Amazon და Yahoo! ეს სახელები არც ბიზნესის დაპირებებს გადმოსცემს და არც რაიმე განსაკუთრებულს, თუმცა პროგრამებსა და ცნობადობაზე მენეჯმენტის უსაზღვრო ზრუნვის შედეგად, მსოფლიოში უდიდესი ბრენდების სახელებია და მომხმარებელთა ცნობიერებაში მყარად დაიმკვიდრა ადგილი.
მეორე მხრივ, სხვა დიდი ბრენდების სახელები, როგორიცაა Internet Explorer, Dunkinh’s Donuts, Mail Boxes და კიდევ მრავალი სხვა, მეყსეულად გადასცემს საკუთარი ბრენდების მიზნებს მათ, ვისაც შესაძლოა, ადრე არც კი სმენიათ ეს სახელები.
თუმცა თუ შეზღუდული ბიუჯეტი გაქვთ, უფრო გონივრული ისეთი სახელის მოფიქრება იქნება, რომელიც ავტომატურად გადმოსცემს თქვენი ბრენდის არსს. ამით საშუალება გექნებათ, შეამციროთ ხარჯები ბაზარზე თქვენი სახელის ასახსნელად.
ცხრილში მოცემულია წარმატებული სახელების მახასიათებლები და ასევე შეცდომები, რომლებიც უნდა აირიდოთ სახელის შერჩევისას.
ცხრილი: რჩევები სახელის მინიჭებისას წარმატებული სახელების
წარმატებული სახელების მახასიათებლებიადვილად დასაწერი და წარმოსათქმელიმოკლე, რათა ადვილად განთავსდეს მარკეტინგულ მასალაზე და ადვილად წარმოითქვას ტელეფონში
გამორჩეული და ადვილად დასამახსოვრებელი
თქვენი ბიზნესის დაპირების ან შეთავაზების ამსახველი პირდაპირ, ირიბად ან ასოციაციურად
ბრენდის ხასიათის შესაფერისი
დროთა განმავლობაში სახელი გაიზრდება ბიზნესთან ერთად
სახელს აქვს ახალი პროდუქტის რაოდენობისა და გეოგრაფიული არეალის გაფართოების უნარი
როგორი არ უნდა იყოს
რთულად დასაწერი და წარმოსათქმელიაბრევიატურები, რაც აზრს მოკლებულია მნიშვნელოვანი მარკეტინგული ინვესტიციის გარეშე
ზოგადი სახელი, რომლის სხვებისგან გარჩევა თითქმის შეუძლებელია
მიმსგავსებული ან ცნობილი ბრენდებისგან ნასესხები სახელები, რაც ბაზარზე დაბნეულობას და სასამართლო სარჩელების რისკს შეიცავს
სახელი, რომელიც ზღუდავს ახალი პროდუქტისა და გეოგრაფიული არეალის გაფართოებას
მფლობელის სახელი, განსაკუთრებით თუ ახლო მომავალში ბიზნესის გაყიდვას გეგმავთ
გრძელი სახელი, რომელსაც, სავარაუდოდ, შემოკლებებით მოიხსენიებენ, რაც არ შეესაბამება ბრენდის ხასიათს
ნაწყვეტი გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული წიგნიდან "ბრენდინგი მარტივად"