მერია-ლაითურის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო. როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, გურიაში ადგილობრივი მნიშვნელობის მერია-ლაითურის საავტომობილო გზის 5.3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ხორციელდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ და გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა მერაბ ჭანუყვაძემ დაათვალიერეს. გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოფელ მერიაში იწყება და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვართან სრულდება.
პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია ერთი მილხიდის რეაბილიტაცია, ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, ხელოვნური ნაგებობების, ბეტონის კიუვეტებისა და საგზაო ნიშნების მოწყობა. ასევე გათვალისწინებულია საავტომობილო გზის მონიშვნა.
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 975 000 ლარს შეადგენს. პროექტი 2017 წლის აგვისტოში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. სამუშაოებზე 25 ადამიანია დასაქმებული.