საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი აბრეშუმის გზის ბიზნეს-სამიტში მონაწილეობს

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ვიზიტით ჩინეთში იმყოფება. ნინო ჩიქოვანი ინიციატივა „ერთი სარტყელი ერთი გზის“ ფარგლებში სიანში ბიზნეს ლიდერების სამიტში იღებს მონაწილეობას. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ამავდროულად აბრეშუმის გზის საერთაშორისო ვაჭრობის პალატის ვიცე-პრეზიდენტია. სწორედ ამ რანგში იღებს ის მონაწილეობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებში.

სავაჭრო პალატის ინფორმაციით, დირექტორთა საბჭომ სიანში ერთ-ერთი პირველი შეხვედრა სიანის მერთან, შანგუან ჯიქინგთან გამართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამიტის მნიშვნელობას და იმ პერსპექტივებს, რომელსაც ინიციატივა „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ მასში ჩართული ქვეყნების ბიზნეს-სექტორებს უქმნის.

სამიტი სიანში ორ დღეს გრძელდება. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ღონისძიების პირველ დღეს ერთ-ერთ ძირითად პანელზე სახელწოდებით: „სარტყელისა და გზის შექმნა და თანამშრომლობის მექანიზმი“ მოდერატორისა და მომხსენებლის რანგში წარდგა. ღონისძიების ფარგლებში სიანში მიმდინარეობს საერთაშორისო კულტურის გამოფენაც. მსგავსი სამიტები ხელს უწყობს ინიციატივაში ჩართული ქვეყნების ბიზნეს-სექტორებს შორის საქმიანი კომუნიკაციის დამყარებასა და განვითარებას.

ვიზიტის ფარგლებში ნინო ჩიქოვანი ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობის გახსნას დაესწრება.

საქართველოს სავაჭრო- სამრეწველო პალატა აბრეშუმის გზის საერთაშორისო ვაჭრობის პალატასთან ინიციტივა „ერთი სარტყელი ერთი გზის“ ფარგლებში თანამშრომლობს. პალატებს შორის გაფორმებულია მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც მხარეები ინიციატივაში ჩართულ ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე მუშაობენ.