ეკონომიკურ საქმეთა ინსტიტუტმა (IEA) The Nanny State Index გამოაქვეყნა.
ინდექსში მოცემულია ევროკავშირის ყველაზე კარგი და ცუდი ქვეყნები ჭამისთვის, დალევისთვის, მოწევისთვის და ელექტრონული სიგარეტის მოხმარებისთვის.
ინდექსში ქვეყნები დაყოფილია ოთხ კატეგორიად: ყველაზე თავისუფლები, თავისუფლები, ნაკლებად თავისუფლები და არათავისუფლები.
რეიტინგის ლიდერია ჩეხეთი, სადაც ყველაზე ლოიალური დამოკიდებულებაა თამბაქოსა და ელექტრონული სიგარეტისთვის. ჩეხეთში ასევე ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ალკოჰოლზე წვდომისადმი ნეგატიური დამოკიდებულება.
მეორე პოზიციაზეა გერმანია, სადაც კანონმდებლობა ასევე ლოიალურად არის განწყობილი ალკოჰოლის მოხმარებისადმი. თუმცა, საკმაოდ სიმკაცრეს იჩენს თამბაქსოსა და ელექტრონული სიგარეტისადმი.
მესამე ადგილი ერგო სლოვაკეთს, რომელსაც შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე მეგობრულად განწყობილი ქვეყანა ეწოდოს მოწევის, დალევისა და არაჯანსაღი კვების მოყვარულთათვის. ქვეყანა საკმაოდ რბილად არის განწყობილი ალკოჰოლის, სიგარეტისა და ელექტრონული სიგარეტის მოხმარებისადმი. ყველაზე თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში ასევე დასახელდნენ ავსტრია, ნიდერლანდები, რუმინეთი და ლუქსემბურგი.
რაც შეეხება ყველაზე არათავისუფალ ქვეყნებს, რომლებიც ნეგატიურად არიან განწყობილი ალკოჰოლის, თამბაქოს, ელექტრონული სიგარეტისა და არაჯანსაღი საკვების მიმართ, პირველი ამ მხრივ ფინეთია, რომელსაც დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, უნგრეთი, შვედეთი, საფრანგეთი და ლატვის მოსდევს.
ნაკლებად თავისუფალ ქვეყნებს შორის დასახელდნენ ლიტვა, პოლონეთი, საბერძნეთი, სლოვენია, ბელგია, ხორვატია და ესტონეთი.
თავისუფალ ქვეყნებს შორის კი აღმოჩნდნენ კვიპროსი, იტალია, მალტა, დანია, ესპანეთი, ბულგარეთი და პორტუგალია.