სტიქიური კატასტროფების ეკონომიკა

მასშტაბური ხანძრებით საქართველოსთვის მიყენებული ზარალი ჯერ დათვლილი არ არის, თუმცა მხოლოდ დამწვარი ფართობისა და ხეტყის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ის რამდენიმე მილიონს მიაღწევს.

გაეროს მონაცემებით, სტიქიური მოვლენებისგან ეკონომიკის სხვადასხვა დარგისთვის მსოფლიოში მიყენებული ზარალი ყოველწლიურად რამდენიმე ასეულ მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო ადამიანთა მსხვერპლი 250 ათასს აღემატება. სტიქიით დაზარალებული ადამიანების რიცხვი კი წელიწადში 200 მილიონზე მეტია, რაც დაახლოებით 7-ჯერ აღემატება სხვადასხვა კონფლიქტში დაზარალებულ ადამიანთა რაოდენობას. ამიტომ, ბუნებრივი კატასტროფების შედეგად გამოწვეული მსხვერპლისა და სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური ზარალის შემცირების მიზნით, სტიქიური უსაფრთხოება მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის პრიორიტეტულ მიმართულებად იქცა.

ზაფხულის ხანძრებმა საქართველოში ერთხელაც დაგვაფიქრა - აქვს თუ არა საქართველოს სტიქიური უბედურების საფრთხის შემცირების ქმედითი პოლიტიკა?

"კვირის პალიტრის" წინა ნომერში პრემიერ-მინისტრის ხელმოწერილი ოფიციალური დოკუმენტი გაგაცანით - "კატასტროფის რისკის შემცირების სტრატეგია", სადაც ტყის ხანძრების შესაძლო საფრთხეებზეც იყო ლაპარაკი, თუმცა ამ საფრთხის პრევენციისთვის მთავრობამ ბიუჯეტიდან თანხები ვერ გაიმეტა. ამავე დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ხანძარი ერთადერთი საფრთხე არ არის, რაც შეიძლება ბუნებრივი თუ ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული კატასტროფის სახით ქვეყანას დაემუქროს. ოფიციალურ დოკუმენტში ნათქვამია, რომ წყალდიდობები და წყალმოვარდნები, მეწყრულ-გრავიტაციული და ღვარცოფული მოვლენები, ბიოლოგიური საფრთხეები, მიწისძვრები, სეტყვა, ზვავი, ძლიერი ქარი და სხვა ქვეყნისთვის საშიშია და მათგან თავი უნდა დავიცვათ, თუმცა დოკუმენტში გაწერილი პრევენციული ღონისძიებების უმეტესობა დაუფინანსებლობის გამო ვერ ხორციელდება. არადა, ოფიციალური განცხადებების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებას თითქოს კარგად ესმის, რომ კლიმატის ცვლილებების კვალობაზე სტიქიური მოვლენების სიხშირე და მასშტაბები იზრდება.

წყალდიდობები და წყალმოვარდნები

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ წყალდიდობები და წყალმოვარდნები საქართველოს თითქმის ყველა მდინარისთვის არის დამახასიათებელი. განსაკუთრებით მაღალი რისკით გამოირჩევა იმერეთის, სამეგრელოს, გურიის, მცხეთა-მთიანეთის მდინარეები, ასევე - მტკვრის მიმდებარე ტერიტორიები და ალაზნის მარცხენა სანაპირო. აქვე წერია, რომ 1995 წლამდე ინტენსიური წყალმოვარდნები ყოველ 5-6 წელიწადში მეორდებოდა, 1995-2013 წლებში კი ეს მოვლენები თითქმის ორჯერ გახშირდა (ყოველ 2-3 წელიწადში). წყალდიდობა-წყალმოვარდნების შედეგად დიდი ზიანი ადგება სამეურნეო საქმიანობას, ინფრასტრუქტურას, იწვევს მსხვერპლს, ნგრევას, გზების ჩახერგვას, ტრანსპორტის მოძრაობის შეწყვეტას, ელექტროგადამცემი ანძებისა და გაზსადენების მწყობრიდან გამოსვლას და სხვ. 2015 წლის 13 ივნისი ამ სტიქიის საფრთხისა და მისი შედეგების ნათელი მაგალითია. დოკუმენტის თანახმად, ვერეს აუზი და მისი შემოგარენი ახლაც მოწყვლად არეალად ითვლება. სამწუხაროა, რომ მხოლოდ სტიქიის შემდეგ დაიწყო ამ ტერიტორიაზე მიმდინარე ბუნებრივ პროცესებზე მუდმივი დაკვირვება, წყალდიდობის მაღალი რისკით გამორჩეულ საქართველოს სხვა მდინარეებზე კი ეს მხოლოდ იგეგმება.

მეწყრები და ღვარცოფული მოვლენები

კატასტროფის რისკის შემცირების სტრატეგიაში ვკითხულობთ, რომ მეწყრულ-გრავიტაციული პროცესები გვხვდება ყველა კლიმატურ ზონაში - ზღვისპირეთიდან მაღალმთიან ალპურამდე. "დღეს აღრიცხულია მათი სხვადასხვა ხარისხის დინამიკაში მყოფი და მაღალი საშიშროების რისკის 50 ათასზე მეტი უბანი, რომელთა საერთო ფართობი 1,5 მილიონ ჰა-ს აღემატება. დინამიკაში მყოფი მეწყრების 70%-მდე დასახლებული პუნქტების, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების ზონაშია. მეწყრულ-გრავიტაციული მოვლენების უშუალო საშიშროების ზონაშია ორ ათასამდე დასახლებული პუნქტი 200 ათასზე მეტი მოსახლით, აგრეთვე - ცენტრალური საავტომობილო გზების, ნავთობისა და გაზის სადენების, დიდი ჰიდროტექნიკური წყალსაცავების არეალები. მთლიანობაში, სახაზო ინფრასტრუქტურული ობიექტების 25%-მდე მეწყრულ-გრავიტაციული მოვლენების საშიშროების რისკის ზონაში იმყოფება", - ვკითხულობთ დოკუმენტში.

ღვარცოფები ემუქრება, ფაქტობრივად, ყველა დასახლებულ პუნქტს მცირე მდინარეთა ხეობებში, ასევე ცივგომბორის, საგურამო-იალნოს ქედებისა და კახეთის კავკასიონის მთისწინეთის არეალში მცხოვრებ მოსახლეობასა და სოციალურ ინფრასტრუქტურას. მაღალი საშიშროების წინაშეა თბილისი, ყვარელი, თელავი, საგარეჯო, ლაგოდეხი, ონი, ბორჯომი, მესტია, ლენტეხი, ადიგენი, მცხეთა, ცაგერი და სხვ. 532 მდინარე, რომელთაც ღვარცოფად ტრანსფორმირება შეუძლია, პერიოდულად საშიშროებას უქმნის საავტომობილო გზებს, სახაზო საირიგაციო ობიექტებსა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს. ქვეყნისთვის ღვარცოფებით მიყენებული ყოველწლიური ზარალი საშუალოდ რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ფარგლებში მერყეობს, ხოლო ექსტრემალური გააქტიურებისას 100 მილიონ ლარსაც აჭარბებს.

ბიოლოგიური საფრთხეები და პანდემია

ბიოლოგიური ხასიათის საფრთხეები შეიძლება განვითარდეს განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეული დაავადებების ბუნებრივი აფეთქებით, გარემოში მათი განზრახ ან შემთხვევითი გამოთავისუფლებით, ან ბიოლოგიური იარაღის ტერორისტული მიზნით გამოყენების შედეგად.

ეპიდემიური და პანდემიური გავრცელების პოტენციალის მქონე ბიოლოგიური აგენტები გარემოში მოხვედრისას განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობას. მას აქვს ბიოლოგიურ იარაღად გადაქცევის პოტენციალი და შედარებით ადვილად ვრცელდება; შეიძლება გამოიწვიოს მასშტაბური ავადობა, სიკვდილიანობა ან საზოგადოებრივი ფუნქციების მასობრივი დარღვევა. ამის შეკავება და შედეგების აღმოფხვრა-შერბილება მოითხოვს განსაკუთრებულ ღონისძიებებს. აღსანიშნავია, რომ ამგვარი პოტენციალის ინფექციური დაავადებების უმრავლესობა ზოონოზური წარმოშობისაა (ანუ ცხოველებიდან ადამიანებზე გადადის). საქართველოში ასევე არსებობს განსაკუთრებით საშიში ინფექციების გავრცელების საფრთხე, რომელთა ნუსხა განსაზღვრულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.

ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული საფრთხეები

საქართველოში ცხოველთა 100-ზე მეტი ინფექციური დაავადებაა რეგისტრირებული. ნაწილი ადამიანისა და ცხოველებისთვის საერთოა, ნაწილი კი მოიცავს ცხოველთა მხოლოდ რამდენიმე სახეობას. საქართველოს მასშტაბით ასეთ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება თურქული, ცოფი, ღორის კლასიკური და აფრიკული ჭირი, ჯილეხი, ბრუცელოზი, ფრინველთა ნიუკასლის დაავადება, ლურჯი ენა ("ბლუ ტანგი"), ყვავილი, ფრინველის მაღალპათოგენური გრიპი.

სოფლის მეურნეობისა და სურსათის საერთაშორისო ორგანიზაცია FAO-ს მონაცემებით, მცენარეთა მავნე ორგანიზმების მიერ გამოწვეული დანაკარგები მსოფლიოში მთლიანი დანაკარგების 34%-ს შეადგენს. საქართველოში, კლიმატური ზონების მრავალფეროვნების გამო, აღრიცხულია სხვადასხვა დაავადების გამომწვევი 2 500-მდე სახეობის სოკო და 1 500 სახეობის მავნე მწერი.

ზიანი მღრღნელი მწერებისგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთწლიანი კულტურებისთვის, რომლებიც ადვილად იღუპებიან. საქართველოს სოფლის მეურნეობას დიდი ზიანი მიაყენა კალიების მასობრივმა გავრცელებამ. ხელსაყრელი კლიმატური პირობების შემთხვევაში (გვალვა, მშრალი და თბილი ზამთარი) კალიების მასობრივ გავრცელებას, შესაძლოა, 200 ათას ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობის დაზიანება მოჰყვეს (გავრცელების ეპიცენტრია აღმოსავლეთი საქართველო).

გარდა კალიებისა, სასოფლო-სამეურნეო კულტურების მასობრივი დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს სხვა მავნე ორგანიზმებმა (სოკო, ვირუსი, ბაქტერია, მღრღნელი და სხვ.), რასაც შესაძლოა მოჰყვეს მოსავლის არსებითი (100%-მდე) დანაკარგი.

მიწისძვრების საფრთხე

მიწისძვრის მოკლევადიანი პროგნოზი შეუძლებელია, ხოლო გრძელვადიანი პროგნოზი საშუალებას გვაძლევს, სეისმურად მდგრადი ინფრასტრუქტურით შეძლებისდაგვარად ავირიდოთ ნგრევა და მსხვერპლი. განსაკუთრებით მძიმეა რეაბილიტაციის პროცესი განვითარებადი ქვეყნებისთვის. ჩვენს შემთხვევაში ამის ნათელი ნიმუშია თბილისის, რაჭის მიწისძვრები, აგრეთვე სხვადასხვა განვითარებადი ქვეყნის მაგალითი (ჰაიტის მიწისძვრა). ქვეყანა წლობით ვერ ახერხებს ზარალის ანაზღაურებას და მოშლილი ინფრასტრუქტურის აღდგენას. საქართველოში მიწისძვრის მაქსიმალური მაგნიტუდა, დაკვირვების შედეგად, არის 7, ხოლო ამ მიწისძვრით გამოწვეული ზარალის შეფასება მიწისძვრის ინტენსიურობის 12-ბალიანი MშK სკალის მიხედვით - 8-10 ბალი.

დაკვირვებების დაწყების შემდეგ მიწისძვრები, რომელთა ეპიცენტრი იყო თბილისში, აღირიცხა 1912, 1913 და 1920 წლებში, მათი ეფექტი არ აღემატებოდა 5-6 ბალს. 2000 წლის 14 დეკემბერს თბილისიდან სამხრეთ-დასავლეთით, 11 კილომეტრში მოხდა მიწისძვრა, რომელმაც ზედაპირული ტალღების მაგნიტუდის (Ms= 3,5) სიმცირის მიუხედავად, თბილისის მოწყვლად უბნებში შენობები დააზიანა - ძველი თბილისი, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორია.

2002 წლის 25 აპრილის თბილისის მიწისძვრაც დაბალი კლასის მიწისძვრა იყო, მაგრამ შენობების არამდგრადობის გამო დაიღუპა შვიდი ადამიანი, დაზიანდა სკოლები, საცხოვრებელი შენობები. მიწისძვრის ეფექტი იყო 6-7 ბალი.

ისტორიულ და დაკვირვებებით მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, თბილისში მომხდარი მიწისძვრების მაქსიმალური ეფექტი იყო 7 ბალი, ხოლო შორ მანძილზე მომხდარი დიდი მიწისძვრების ეფექტი დედაქალაქში 7-8 ბალს არ აჭარბებდა.

სეტყვის საფრთხე

სეტყვა მოდის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. მისი ინტენსივობა და სიხშირე განსაკუთრებით მაღალია აღმოსავლეთ საქართველოში. ყოველწლიურად აღინიშნება 5-დან 15-მდე შემთხვევა.

სეტყვას შეუძლია, მთლიანად გაანადგუროს ნათესები, მოსავალი, გახვრიტოს თუნუქის სახურავი, დაამსხვრიოს შიფერისა და კრამიტის სახურავები, ჩაამსხვრიოს მინები, დააზიანოს ავტომანქანები, დახოცოს საქონელი და ფრინველი. როცა სეტყვის ცალკეული მარცვლების წონა 100-200 გრ და მეტია, შესაძლებელია ადამიანთა დაღუპვაც. არასრული მონაცემებით, ბოლო 13 წელიწადში ქვეყნისთვის სეტყვით მიყენებულმა ზარალმა 140 მილიონ ლარს გადააჭარბა.

ზვავები

თოვლის ზვავებს იწვევს ძლიერ დანაწევრებული და დახრილი რელიეფი, ინტენსიური თოვა, თოვლის საფარის სიმაღლის სწრაფი მატება, თოვლის სწრაფი დნობა, ქარბუქი, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება და წვიმა.

ზვავები წლის ცივ პერიოდში ყოველწლიურად ჩამოდის. ამ სტიქიის სიხშირე და ინტენსივობა 1970 წლიდან გაიზარდა. ზვავები მასიურად ჩამოდიოდა 1970-1971, 1975-1976, 1986-1987, 1991-1992, 1996-1997, 2004-2005 წლებში. ყოველწლიურად, თითოეული ზვავსაშიში კერიდან ზვავების მასიური ჩამოსვლის ერთიდან ათამდე შემთხვევაა აღრიცხული.

თოვლის ზვავი დიდ ზიანს აყენებს ადამიანთა სამეურნეო საქმიანობას, დასახლებებს, იწვევს მსხვერპლს, ნგრევას, გზების ჩახერგვას და ტრანსპორტის მოძრაობის შეწყვეტას, მწყობრიდან გამოჰყავს ელექტროგადამცემი ანძები და გაზსადენები, აზიანებს ტყეს და სხვ.

ზვავებმა, შესაძლებელია, გარე სამყაროს ხანგრძლივი დროით მოსწყვიტოს ათეულობით დასახლებული პუნქტი, ასობით ოჯახი კი იძულებული გახდეს, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი მიატოვოს.

ძლიერი ქარების საფრთხე

ამ მოვლენის განმეორების სიხშირე ბოლო 20 წელიწადში გაორმაგდა და ყოველ 4-5 წელიწადში მეორდება. ძლიერი, 25-30 მ/წმ სიჩქარის ქარები, წელიწადში 5-7-ჯერ ქრის; ძალიან ძლიერი, 30 მ/წმ-ზე მეტი ქარები ქუთაისი-ზესტაფონის მონაკვეთზე და თბილისის გარეუბნებში - წელიწადში 1-2-ჯერ, ხოლო ქვეყნის სხვა რეგიონებში, საშუალოდ, ხუთ წელიწადში ერთხელ მეორდება.

ძლიერი ქარები აზიანებს კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემ ხაზებს, იწვევს ზღვის ღელვას, მტვრიან ქარიშხალს, ქარბუქსა და თოვლის არათანაბარ განაწილებას, რასაც მოსდევს ნამქერების წარმოქმნა, ნიადაგის ტენისგან გაღარიბება და სხვ. ჩვენს პირობებში განსაკუთრებით არახელსაყრელი მოვლენაა სატრანსპორტო მაგისტრალებზე ქარბუქით გამოწვეული ნამქერების წარმოქმნა. ეს არღვევს ტრანსპორტის მუშაობის რეჟიმს, რაც ქვეყნის ეკონომიკას აზარალებს.

ქიმიური საფრთხეები

საქართველოს ქიმიური უსაფრთხოების პოლიტიკა, ძირითადად, ეფუძნება გაეროს უშიშროების საბჭოს #1540 რეზოლუციასა და საერთაშორისო კონვენციებს, ხოლო ქიმიურ ინციდენტებზე რეაგირება და პრევენცია სხვადასხვა სამინისტროსა თუ უწყების კომპეტენციაში შედის. ქვეყანაში საკმაოდ მასშტაბური ქიმიური მრეწველობის არსებობა ქიმიური ინციდენტების წარმოქმნის საშიშროებასაც ქმნის.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ საქართველო არის კასპიის ზღვის რეგიონის ნავთობპროდუქტების უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო დერეფანი, რაც სარკინიგზო მაგისტრალებისა და მილსადენების გეოგრაფიული მდებარეობის გამო (მჭიდრო განსახლება, დაცული ტერიტორიები), ავარიის შემთხვევაში ეკოლოგიური დაბინძურების სერიოზულ საფრთხეს ქმნის.

დარიშხანშემცველი ნარჩენები

ლენტეხის რაიონში, მდინარე ცხენისწყლის ხეობაში, იდენტიფიცირებულია ნარჩენების განთავსების სამი ობიექტი. სოფელ ცანაში, დაუცველ ლითონის კონტეინერებში, მოთავსებულია 50 ათას ტონაზე მეტი ნარჩენი. კონტეინერები იმდენად დაზიანებულია, რომ მაღალია გაჟონვის ალბათობა. საფრთხე ექმნება მთელ დასავლეთ საქართველოს, რადგანაც ცანას ობიექტები ესაზღვრება მდინარე რიონის შენაკადის, ცხენისწყლის ხეობას, რიონი კი შავ ზღვაში ჩაედინება.

ამბროლაურის რაიონში, სოფელ ურავში საფრთხეს ქმნის ყოფილი დარიშხანის გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც ამჟამად დანგრეულია. ურავის ქარხნის საწარმოო ნარჩენების სამარხი, ქარხნიდან 14 კმ-ში, დაკონსერვებული არ არის. სამარხის სახურავის ფილები ზოგან ჩანგრეულია, ნალექი ხვდება ტოქსიკურ ნარჩენებში, შემდეგ ჟონავს სამარხიდან და გარემოში აღწევს. ქარხნის ტერიტორიაზე არის დაკონსერვებული სამარხი, მაგრამ არ არის ჰერმეტულად დახურული, სახურავი დაზიანებულია. მდინარე ლუხუნის ადიდების შემთხვევაში შესაძლებელია საცავის კედლის გამორეცხვა.

წყლისმიერი ეროზია

წყლისმიერი ეროზიული პროცესები გარემოს დიდ ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნის და ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკას. საქართველოში უმთავრესად გვხვდება წყლისმიერი ეროზიული პროცესების ორი ტიპი: 1) მიწების ფართობული გადარეცხვა - ე.წ. ნიადაგის ეროზია; 2) მდინარეთა ნაპირების გარეცხვა. ეროზიული პროცესების უარყოფითი ზემოქმედების არეალში მოქცეულია 1,7 მილიონია ჰა.

ეროზიული პროცესები განსაკუთრებით ბოლო ათწლეულში გააქტიურდა, რადგან ნაპირსამაგრი ნაგებობების უმრავლესობა მოიშალა.

ეროზიის შედეგად ყოველწლიურად ნიადაგური საფარი საშუალოდ ათას ჰა-ზე ნადგურდება, ნიადაგის ბიოგენურ რეგენერაციას კი საუკუნეები სჭირდება. ნაპირების ინტენსიური გარეცხვა მიმდინარეობს მთისწინეთისა და ვაკის მდინარეებში. დღეისთვის დადგენილია მდინარეთა ნაპირების ინტენსიური გარეცხვის უბნები, სულ - 1 500 კმ, სადაც ყოველწლიურად საშუალოდ 150 ჰა-ზე ნადგურდება ნაყოფიერი ნიადაგი.

გვალვა

გვალვა ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე აღინიშნება, განსაკუთრებული ინტენსივობით კი კახეთის, შიდა და ქვემო ქართლის, ასევე ზემო იმერეთის რეგიონები გამოირჩევა.

2000 წელს შვიდთვიანი გვალვა იყო ქვეყნის ტერიტორიის თითქმის 50%-ზე. სტიქიამ საერთაშორისო კლასიფიკაციით დადგენილი ოთხივე სტადია (მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური, სასოფლო-სამეურნეო და სოციალურ-ეკონომიკური) გაიარა. ზარალმა 300 მილიონ ლარს გადააჭარბა.

გვალვამ შეიძლება ქვეყნის მთელი ტერიტორიაც მოიცვას და მთლიანად განადგურდეს მოსავალი, დაზიანდეს მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურები.

ჰიდროდინამიკური ავარიები

მასშტაბური კატასტროფა საქართველოში შესაძლებელია ჰიდროტექნიკურ ნაგებობებზე: ენგურის, ლაჯანურის, შაორისა და ჟინვალის ჰესებზე, ასევე რიონზე, ფოთის წყალგამყოფ კვანძზე. ყველაზე სახიფათოა ავარია ჟინვალჰესზე, რადგან ის დიდ საფრთხეს უქმნის თბილისს. ამგვარი ავარია შეიძლება გამოიწვიოს ბუნებრივმა სტიქიურმა მოვლენებმა, განსაკუთრებით - ძლიერმა მიწისძვრამ.

ემა ტუხიაშვილი

წყარო: „კვირის პალიტრა"