ინვესტიციების კლება, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში, იმ ღრმა პრობლემების გამოვლინებაა, რაც ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ ხუთწლიანმა მმართველობამ შექმნ.
ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა.
„ხელისუფლება, რომლის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკაა ინვესტიციების კლებისა და დაბალი ეკონომიკური ზრდის მიზეზი, პრემიებსა და დანამატებს არ იკლებს, ხოლო როცა საქმე პენსიების ზრდასა და გაჭირვებული ადამიანებისთვის საარსებო შემწეობის დანიშვნაზე მიდგება, ამისთვის ბიუჯეტში სახსრებს ვერ პოულობს“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
მისი თქმით, განსაკუთრებით თვალშისაცემია ინვესტიციების კლება ენერგეტიკის სფეროში იმ ფონზე, როდესაც გაზის ტარიფი საქართველოს ქალაქებისა და რაიონების დიდ ნაწილში 11, 12, 13 თეთრით, ზოგან 16 თეთრითაც კი გაიზრდა.
„მოსალოდნელია ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდაც, რაც კიდევ უფრო გაუძვირებს ცხოვრებას ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობას. მათ მეტი საფასურის გადახდა მოუწევთ არა მხოლოდ ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიაში, არამედ გაძვირებულ პროდუქტშიც, რადგან გაზისა და დენის ტარიფის ზრდა დამატებითი ბიძგი იქნება ინფლაციისთვის.
საგანგაშოა, რომ ფასების ზრდამ 2017 წლის აგვისტოში, წინა წლის აგვისტოსთან შედარებით, 5.7% შეადგინა. ფასების საგრძნობი ზრდა დაფიქსირდა პრაქტიკულად ყველაფერზე, რასაც სასურსათო მაღაზიაში ჩვენი მოქალაქეები ყიდულობენ, ასევე მედიკამენტებზე და, ზოგადად, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში.
განსაკუთრებით დიდია ფასების ზრდა ტრანსპორტის ჯგუფში - 11,6%, რაც “ქართული ოცნების” მიერ საწვავზე აქციზის მატების პირდაპირი შედეგია და რაც ჯაჭვურად გადაეცა ზემოთ ჩამოთვლილ საკვებ პროდუქტებსაც.
ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა მცირდება - ოჯახების შემოსავალი არ იმატებს, ხარჯი კი იზრდება. სამწუხაროდ, 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, ქვეყანაში სიღარიბე გაიზარდა.
აქედან გამოსავალია „ევროპული საქართველოს“ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც გადასახადების შემცირების გზით ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, ფასების დასტაბილურებასა და მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზეა ორიენტირებული“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.