მსოფლიო ქველმოქმედების რეიტინგში საქართველო ბოლოდან მეოთხე ადგილზეა.
ეს იმას ნიშნავს, რომ, კვლევის ავტორთა შეფასებით, ქართველები მეტად იშვიათად ეხმარებიან გაჭირვებულებს და ქველმოქმედების მიზნით ფულს პრაქტიკულად არ ხარჯავენ.
როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, 2017 წლის კვლევაში მონაწილე 139 ქვეყნიდან, ჩვენ 135-ე ადგილზე ვიმყოფებით. ამის მიზეზად ფსიქოლოგი და პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე დასავლეთსა და საქართველოს შორის ღირებულებათა განსხვავებას ასახელებს.
მსოფლიო ქველმოქმედების რეიტინგი ბრიტანულმა ორგანიზაცია "საქველმოქმედო დახმარების ფონდმა" გამოაქვეყნა. ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეთა ქველმოქმედებისაკენ მიდრეკილების ხარისხი სამი ძირითადი კომპონენტის მიხედვით ფასდება - უცნობი ადამიანისთვის დახმარების გაწევა, საქველმოქმედო ფულადი შემოწირულობა და მოხალისეთა აქტივობაში ჩართულობა.
მსოფლიოს ქველმოქმედების რეიტინგში პირველი ხუთეული ასეთია: მიანმარი, მალაიზია, კენია, ახალი ზელანდია და აშშ.
რაც შეეხება ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებს, საქართველო ყველა მათგანს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. მსოფლიო ქველმოქმედების რეიტინგში სომხეთი 122-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი - 126-ზე, რუსეთი – 124-ზე. სარეიტინგო ცხრილში საქართველოს მეზობლად არიან კამბოჯა (134-ე ადგილი) და მაროკო (136-ე).
ამასთან, თუკი საერთო რეიტინგს კომპონენტებად დავაცალკევებთ, "უცნობი ადამიანისთვის დახმარების გაწევის" რეიტინგში საქართველო 113-ე ადგილზეა, "ფულადი შემოწირულობის" მიხედვით – 137-ზე, ხოლო "მოხალისეთა აქტივობაში ჩართულობით" - 124-ზე.
აღსანიშნავია, რომ 2016 წლის მონაცემების მიხედვით, 140 ქვეყნიდან საქართველო 120-ე ადგილს იკავებდა და უსწრებდა რუსეთს, ლიტვასა და აზერბაიჯანს.
პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე "მთელ კვირასთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ რეიტინგში შეტანილი კომპონენტები ზუსტად ასახავს ევროპულ ღირებულებებს და საქართველოს შედეგი ამით არის განპირობებული.
"ძალიან ბევრ რამეს განსაზღვრავს ცხოვრებისა და აზროვნების წესი. ფართო გაგებით თუ ვიხმართ - მოდაც, ანუ ის, თუ რა არის მიღებული საზოგადოებაში. აღნიშნული კომპონენტები, რის მიხედვითაც რეიტინგია შექმნილი, თუ დავაკვირდებით, დასავლურ ღირებულებებში გამოხატული ქმედითი სახეა.
"თუკი დასავლეთში მიღებულია შშმ პირების დახმარება, მის ღირებულებებში ნაკლებად ფიგურირებს კულტურული ძეგლების ხელშეწყობა, როგორც ქველმოქმედება. ეს უკანასკნელი კი ქართულ სინამდვილეში უფრო მეტად ფასობს საზოგადოებაში, ვიდრე თუნდაც ადამიანების დახმარება. ამის მაგალითად შეგვიძლია გავიხსენოთ ის, რომ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე საუბრისას, პირველ რიგში, სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობას აღნიშნავენ.
"ჩვენ, როგორც საუკუნეების მანძილზე აზიური გავლენების ქვეშ მყოფნი, ნაკლებად ვართ დასავლური ღირებულებებისკენ მიდრეკილი. თუმცა, ბოლო პერიოდში აშკარად შემოდის ევროპული გავლენები.
"მაგალითად, ვხედავთ, რომ ტროტუარებზე გაჩნდა ეტლით მოძრავი პირებისთვის გადასაადგილებლები, ავტობუსებში - შესაბამისი მოწყობილობები და ეს დასავლეთის პირდაპირი გავლენაა. რაც უფრო მეტად გაიზრდება ეს გავლენა, მით უფრო მეტად დავუახლოვდებით ევროპულ ღირებულებებს", - აცხადებს საყვარელიძე და აღნიშნავს, რომ დასავლეთში ქველმოქმედება წახალისებულია.
"მნიშვნელოვანი გავლენა ექნება საკანონმდებლო ცვლილებებს, რადგან დასავლეთში ქველმოქმედება გარკვეულ შეღავათებს ითვალისწინებს ბიზნესმენებისთვის და სანამ ეს ელემენტი ჩვენთაგანც არ მოძლიერდება, ისე მეეჭვება, რომ ქველმოქმედებამ ძალიან დიდი მასშტაბები მიიღოს.
"მართალია, ეს შეღავათი გარკვეულწილად გულისხმობს, რომ ქველმოქმედება ქველმოქმედება აღარ არის, რადგან ამით სარგებელსაც ნახულობ, მაგრამ ასეთი შემოვლითი გზით აიძულო ადამიანი, იყოს ქველმოქმედი და ამას საზოგადოებაც შეაჩვიო, ალბათ, ცუდი არ არის", - ამბობს რამაზ საყვარელიძე.
გვანცა ღვედაშვილი
გაზეთი "რეზონანსი"