რას გულისხმობს განახლებული ვარდების მოედნის პროექტი (+ფოტო)

ვარდების მოედანზე მრავალფუნქციური კომპლექსის - კონგრეს ცენტრის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა.

როგორც თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, აღნიშნული ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის დასამტკიცებლად განცხადება მერიაში მიმდინარე წლის მარტში შევიდა. თუმცა დოკუმენტში ხარვეზების გამოვლენის გამო,  განცხადება ჯერ არ განხილულა.

bpn

კონგრეს ცენტრის ორსართულიანი შენობა „რედისონსა“ და ტელეგრაფის შენობაში მშენებარე სასტუმროს ერთმანეთთან ხიდებითა და ღია სივრცეებით დააკავშირებს.

გერმანული კომპანია Graft-Arcitects-ის მიერ შემუშავებული პროექტის მიხედვით, „ვარდების მოედანი“ მრავალფუნქციურ ზონად გარდაიქმნება, სადაც მოეწყობა ამფითეატრი, შადრევნები, დასასვენებელი ფართები. მოედნის ქვეშ არსებულ მიწისქვეშა სივრცეში კი სავაჭრო ცენტრები, რესტორნები და „ჩაძირული ბაღები“ განთავსდება.

პროექტის თანახმად, სასტუმრო „რედისონსა“ და ტელეგრაფის შენობას შორის არსებული ავტოსადგომი მიწისქვეშა კომპლექსში გადაინაცვლებს, რომელიც მოემსახურება როგორც რედისონს, ასევე მოედანზე მდებარე სხვა ობიექტებს, მათ შორის ტელეგრაფსაც.

bpn

პროექტის განხორციელებას საინვესტიციო კომპანია „სილქ როუდ ჯგუფი“ გეგმავს. კომპანია საქართველოს ეკონომიკის ისეთ სფეროებშია ჩართული, როგორიცაა ტრანსპორტი, ვაჭრობა, უძრავი ქონება, საცალო ვაჭრობა, ტელეკომუნიკაციები და საბანკო მომსახურებაა. „სილქ როუდ ჯგუფის“ მომსახურების ცენტრები წარმოდგენილია აზიაში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.

იხილეთ ფოტოგალერეა