სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ფაროსანასთან საბრძოლველად ფერმერებს ქიმიური პესტიციდები დაურიგდებათ.
როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ქიმიური პესტიციდების გამოყენებასთან დაკავშირებით, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტულ ტერიტორიაზე ავიაციის გამოყენებამდე ერთი დღით ადრე მათი გაფრთხილებაც მოხდება.
„ეს არის ქიმიური პესტიციდი და შესაბამისად, უნდა მოვერიდოთ. არსებობს მასთან მოპყრობის სპეციალური წესები და პირობები, რაზეც წლის დასაწყისიდან არაერთი ტრენინგი და საინფორმაციო ღონისძიება ჩავატარეთ და ახლაც გრძელდება. ჩემი მოადგილე არის რეგიონში და ატარებს შეხვედრებს ყველა მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელთან, ფაქტობრივად, სამივე რეგიონში და ინფორმაციის მიწოდება ხდება საკმაოდ ინტენსიურად. რაც შეეხება ავიაციის ჩართვას, ჩვენ წინა დღით გავაფრთხილებთ ხოლმე კონკრეტულად იმ ტერიტორიის მცხოვრებლებს, სადაც იქნება ავიაციის გამოყენება იმისთვის, რომ უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად დაცული იყოს.
ავიაცია იქნება მაქსიმალურად გამოყენებული იქ, სადაც მისი გამოყენების შესაძლებლობები ჩნდება ტექნიკური მოცემულობებიდან გამომდინარე. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ იმ ფართობებში, სადაც ახლა სიმინდის ყანებში მიდის მუშაობა, არ გავაგრძელებთ მუშაობას. ჩვენი ტექნიკა სრულად არის მობილიზებული ველზე და დარჩება მავნებლის ზამთრის ძილამდე, ანუ იმ პერიოდამდე ჩვენ საშუალება გვექნება, რომ საველე პირობებში სამუშაოები ჩავატაროთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს რესურსები უსასრულო არ არის და რაც უფრო მეტად იქნება მოსახლეობა აქტიური, სახელმწიფოს მეტ რესურსს გამოუთავისუფლებს.
„მნიშვნელოვანია, რომ ამავე დროს მოსახლეობაც იყოს ძალიან აქტიური და დარაზმული. მარტო ერთი მხარე ამას ვერ მოერევა. სახელმწიფოს რესურსები უსასრულო არ ექნება. ყველა თავის ბაღში თუ იქნება მობილიზებული, რა თქმა უნდა, უფრო მეტ შედეგს მივიღებთ წელსად და უფრო გავაადვილებთ ჩვენს ამოცანას მომავალი წლისთვის. რაც მეტად შევამცირებთ პოპულაციას, მით უფრო მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის მომავალი წელი და მომავალ წელს წარმატების იმედი გვექნება. ასევე, რაც უფრო მეტად იქნება მოსახლეობა აქტიური და სახელმწიფოს რესურსს გამოათავისუფლებს, ის რესურსი გამოყენებული იქნება ისევ მავნებელთან ბრძოლის კუთხით, ოღონდ ჩვენ უფრო მეტი ბუფერული და სხვა ტერიტორიების დამუშავებას შევძლებთ, რომ მავნებელთან ბრძოლის კამპანია იყოს მეტად ეფექტიანი.
იშვიათი შემთხვევაა, როდესაც სახელმწიფო თვითონ ჩაერთო ამ ღონისძიებებში, ჩვენ ჩავატარეთ ერთი წამლობა მთლიანად თხილის კულტურაში გაზაფხულის ბოლოს, იმ დროს, როცა მონიტორინგის შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე დაფუძნებით ამის საშუალება მოგვეცა. რაც შეეხება ინფორმაციას პესტიციდებზე, წლის დასაწყისიდან მიეწოდება მოსახლეობას, დამზადებულია ფლაერები და ბროშურები რიგდება, სადაც მოცემულია, რომ არაერთი პესტიციდი იქნას გამოყენებული. რა თქმა უნდა, არის პრიორიტეტები, რაც უცხოელი ექსპერტების მიერ იქნა რეკომენდებული. არის დაახლოებით 10 სხვადასხვა ჯგუფის პრეპარატი განსაზღვრული, რომლის გამოყენებაც შეუძლია მოსახლეობას. არ არის საუბარი, რომ ერთი კონკრეტული პრეპარატი გამოვიყენოთ, არის არჩევანი იმის მიხედვით, თუ რისი ყიდვაა შესაძლებელი ამა თუ იმ მომენტში ფერმერთა მომსახურების ცენტრებსა და მაღაზიებში. შეიძლება სხვადახვა პესტიციდის გამოყენება და ეს მოქმედებს. პრინციპში ასეთი პესტიციდების გამოყენების პრაქტიკა საქართველოს სხვადსხვა რეგიონში არსებობს, რეგულარულად იყენებენ ვაშლის კულტურაში, ატმის კულტურაში, ყურძენში და ასე შემდეგ. თხილთან დაკავშირებით ჩვენთვის ცოტა სიახლეა იმიტომ, რომ ასეთი გამოწვევა თხილთან დაკავშირებით არ ჰქონია სამეგრელოს მოსახლეობას. თუმცა განსაკუთრებული არაფერია, ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა, რომელსაც საქართველოს სხვა ფერმერები იყენებენ. ამ შემთხვევაში, რადგანაც ჩვენ გვაქვს საკმაოდ სპეციფიური მდგომარეობა და ვითარება, მთავრობას აქვს გადაწყვეტილი, რომ მოსახლეობის ნაწილს ასევე დაეხმაროს კონკრეტულად იმ პესტიციდებით. ჩვენ ამ კამპანიას ვგეგმავთ. ნელ-ნელა დავიწყებთ ამის დარიგებას. გამგებლთან იყო მუშაობა, რომ დაზუსტდეს სიები და ფერმერებს მიეწოდოთ პესტიციდები იმისთვის, რომ როდესაც საკრმიდამო ნაკვეთებისკენ მოხდება მიგრაცია ყანებიდან, მათ ჰქონდეთ საშუალება, რომ თვითონ ჩაატარონ თავიანთ ნაკვეთებში წამლობა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.