ფინანსთა სამინისტრო ვარაუდობს, რომ ლარის კურსი უნდა დასტაბილურდეს და ზემოთ არ უნდა წავიდეს.
ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კაკაურიძემ განმარტა, კურსის ვარდნაზე ასევე გავლენა მოახდინა მოლოდინებმა, რომელიც მოსახლეობას ტურისტების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით აქვს.
”რაც შეეხება ლარის კურსს, ყველანაირი მაკროეკონომიკური ფაქტორი, რაც კურსზე გავლენას ახდენს, ეს არის როგორც საგარეო ვაჭრობა, ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელი, ასევე ტურისტების შემოსვლა და სხვა ფაქტორები, რაც ვალუტის შემოდინებებსა და გადინებებს გამოიწევევს, დადებითად მოქმედებს კურსზე. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით რა მონაცემებიც გვაქვს, კურსის მერყეობას ნამდვილად არ ველოდებით. რაც შეეხება მიზეზებს უკვე მომხდარ რყევებზე, სამწუხაროდ, გარკვეული ტენდენცია ჩამოყალიბდა და ყველას აქვს მოლოდინი, რომ ტურისტული სეზონის დასრულების შემდგომ კურსი უნდა გაუფასურდეს. კურსზე ზეწოლა გარკვეულწილად ამანაც გამოიწვია, რადგან ტურისტული სეზონის ძირითადი დასრულების შემდგომ, სავარაუდოდ, მოსახლეობა შეეცადა, რომ მათ მიერ დაზოგილი თანხები გადაეყვანა დოლარში. თუ ჩვენ შევადარებთ კურსის მაჩვენებლებს სხვა ფულად ერთეულებთან, ვნახავთ, რომ მთელი წლის განმავლობაში სტაბილურად ერთ დონეზე ვიყავით და აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში 5%-იანი გაუფასურება გვაქვს, რაც მიანიშნებს, რომ ეს არის ამოვარდნილი სურათი და თუ იგივე მაკროეკონომიკური ჩვენება გაგრძელდა, ჩვენ ველოდებით, რომ კურსი უნდა იყოს სტაბილური და, რა თქმა უნდა, ზემოთ არ უნდა წავიდეს”, - განაცხადა კაკაურიძემ.