რამდენიმე დღეა ყველი გაძვირდა. როგორც მოქალაქეები აცხადებენ, ყველის ფასმა დაახლოებით 1-2 ლარით მოიმატა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რამ გამოიწვია პროდუქტის გაძვირება და რამდენად შეიძლება უკავშირდებოდეს ფასის მატება 1 ივლისიდან ამოქმედებულ რეგულაციას, რომლის თანახმად, რძის ფხვნილისგან ყველის დამზადება აიკრძალა.
როგორც "მომავლის ფერმერის" თავმჯდომარე რუსუდან გიგაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ყველის გაძვირებას შესაძლოა რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს.
„ფასის მატების პირველი მიზეზი სეზონიდან გამომდინარეობს, რადგან ახლა საქონლის წველადობა მცირდება. გარდა ამისა, ფასის მატების კიდევ ერთი განმაპირობებელი ფაქტორი შესაძლოა იყოს ის წესი, რომლითაც გაიმიჯნა ნედლი რძისა და რძის ფხვნილისგან წარმოება. თუმცა, ვფიქრობ, ფასი უფრო ნედლი რძისგან დამზადებულ ყველზე მოიმატებდა, რადგან რძის ფხნვილის იმპორტში ივნის-ივლისში რეკორდული მაჩვენებელი გვქონდა. ამას კი „გასაღება“ სჭირდება, ამიტომ ფხვნილისგან დამზადებულ ყველზე ფასის მატება ნაკლებად მოსალოდნელია. ამასთან, მეწარმეებს სხვადასხვა სტანდარტების დაკმაყოფილების ვალდებულება გაუჩნდათ, რამაც დანახარჯები გაუზარდა, ეს კი შესაძლოა მათ საფასო პოლიტიკაზე აისახა,“- აღნიშნა გიგაშვილმა.
მანვე 1 ივლისიდან ამოქმედებულ რეგულაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რძის ფხვნილისგან პროდუქტი კვლავ მზადდება, რადგან „მართალია ქვეყანაში კანონი არსებობს, მაგრამ შემოწმების მექანიზმი არ არის“.
„მთელი პრობლემაა ის არის, რომ სახელმწიფო ვერ ამოწმებს ყველი ნედლი რძისგანაა დამზადებული თუ რძის ფხვნილისგან. ერთადერთი საშუალებაა ტრანსცხიმებზე შემოწმებაა, მაგრამ თუ მეწარმე მათ არ იყენებს, მაგრამ პროდუქტს რძის ფხვნილისგან ამზადებს, ამას ვერ დაუმტკიცებენ,“-განაცხადა გიგაშვილმა.