თბილისის მასშტაბით ტყის სანიტარული ჭრები ხორციელდება

თბილისის მასშტაბით ტყის სანიტარული ჭრები ხორციელდება. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, მავნებლებით დაავადებული და გამხმარი ხეების მოჭრის სამუშაოები წყნეთში მიმდინარეობს, სადაც 1317 ძირი მავნებლებით დაზიანებული, ხმელი და ზეხმელი ხე მოიჭრა. სანიტარული ჭრები განხორციელდა ასევე კოჯორსა და ოქროყანაში.

მათივე განმარტებით, თბილისის მერიის გამწვანების სამსახური სანიტარულ ჭრებს პერიოდულად ახორციელებს. მავნებლებით დაავადებული და ზეხმელი ხეების მოჭრა განხორციელდა კუს ტბაზე, ბეთანიაში, შინდისში, მთაწმინდის მიდამოებში, გლდანსა და ავჭალაში.

„აღნიშნული ღონისძიებები კომპლექსურად ხორციელდება. იგი მნიშვნელოვნად შეზღუდავს დედაქალაქის მასშტაბით მცენარეთა მავნებელი დაავადებების გავრცელებას და შესაბამისად, მცენარეული საფარის ხმობას.

2013-2015 წლებში ქართველი და უცხოელი ექსპერტების კვლევებზე დაყრდნობით თბილისის შემოგარენის ფიჭვების კვლევისას დაფიქსირდა შემდეგი მავნებლები: ქერქიჭამიები, ლაფნიჭამიები და ხარაბუზები, აგრეთვე დაავადებების გამომწვევი სოკოები, რომელთაც დააჩქარეს დასუსტებული ხეების ხმობის პროცესი.

თბილისის მერიის მიერ განხორციელდა დედაქალაქში არსებული ფიჭვნარების დეტალური კვლევა და ფიტოსანიტარიული მდგომარეობის შეფასება, რომლის გათვალისწინებითაც რეაგირების ღონისძიებების გეგმა შემუშავდა“,-ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.