EBRD - ის პრეზიდენტის ეკონომიკური ზრდის შეფასება იყო 3,8%, ჩვენ დღეს, 7 თვის მონაცემებით, უკვე 4,4% გვაქვს, თუმცა, მთავარი იყო ის აქცენტები, რომელიც EBRD-ის პრეზიდენტმა გააკეთა, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ „იმედის“ ეთერში პირდაპირი ჩართვის დროს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
გიორგი გახარიას თქმით, სუმა ჩაკრაბარტმა განაცხადა, რომ ის რეფორმები, ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც დღეს ქვეყანაში ტარდება, აძლევს საქართველოს შესაძლებლობას გახდეს მეორე ტალღის განვითარებადი ქვეყნების ლიდერი.
„EBRD - ის პრეზიდენტმა აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას და აღნიშნა, რომ ეს არის ის საფუძველი, რომელიც აძლევს ქვეყანას ეკონომიკური ზრდის საშუალებას. განსაკუთრებით ხაზგასმით იქნა აღნიშნული ბიზნესსა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის ძალიან სინქრონულად აწყობილი ურთიერთობა, რაც არის ეკონომიკური ზრდის და ეფექტური ბიზნესგარემოს შექმნის საფუძველი.
აშკარაა, რომ ეს ჩვენ გვაძლევს საშუალებას, გარკვეულწილად მომავალი წლების განმავლობაში დავუახლოვდეთ აღმოსავლეთ ქვეყნების ეკონომიკური განვითარების დონეს. ეს არის ჩვენი მიზანი და ამისთვის ხორციელდება 4 პუნქტიანი გეგმა და ყველა ის რეფორმა, რომელსაც დღეს სახელმწიფო ატარებს“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.