აბსოლუტურად ყველა სავაჭრო ობიექტსა და სუპერმარკეტში მომხმარებელს წონაში ატყუებენ.
თვითნებურად დაკალიბრებული ელექტროსასწორები 1 კგ-ში, საშუალოდ, 50-100 გრამს "იპარავს". როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, აგრარული ბაზრების შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 200 გრამსაც აღწევს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "ეტიკის" კვლევამ აჩვენა, წონაში ნაკლებია დაფასოებული და ეტიკეტირებული პროდუქტი - უკლებლივ ყველა, რომელიც კომპანიის ან ინდივიდუალურად მეწარმის მიერ არის შეფუთული, იმპორტული პროდუქტის შემთხვევაში კი წონა ყოველთვის არის ზუსტი.
ამირან შენგელიას ინფორმაციით, წონის პრობლემა განსაკუთრებით ეხება მარცვლეულს, შაქარს, ხილ-ბოსტნეულს, რომელზეც ყველაზე დიდი მოთხოვნაა.
"სასწორების სიზუსტის თვალსაზრისით, კონტროლი არ არსებობს და დაზარალებულს თავისი უფლებების დაცვა არ შეუძლია. კანონმდებლობა ასეთ "უმნიშვნელო დარღვევებზე" არ ვრცელდება და მხოლოდ "დიდი დანაკარგის" ფაქტებზე რეაგირებს. არადა, მომხმარებელი სწორედ რომ ცოტ-ცოტა ოდენობით იძენს სასურველ პროდუქტს. შესაბამისად, გამყიდველს კლიენტის მოტყუების მეტი შესაძლებლობა ექმნება.
მაგალითად, ერთ-ერთ სუპერმარკეტში აღმოვაჩინეთ დაფასოებული შაქარი, რომელსაც შეფუთვაში აწერია: 1 კგ პროდუქტის წონა პლუს მინუს 5 გრამი. ავწონეთ და 56 გრამით ნაკლები იყო. თქვენ წარმოიდგინეთ, ადგილზე დაფასოებული თითქმის ყველა პროდუქტი, ქარხნულიც კი, წონაში ნაკლებია, ხოლო უცხოური, მათ შორის თურქულიც, ძალიან ზუსტია.
როცა მაღაზიის გამყიდველს ვეკითხებით, რატომ არის წონა ნაკლები, მპასუხობს, რომ პროდუქტები შრება. როგორ ფიქრობთ, უცხოური დაფასოებული პროდუქტი რატომ არ შრება? წესით, დაფასოებული მარცვლეული არ უნდა გამოშრეს. დანამდვილებით შემიძლია თქმა, რომ 1 კგ პროდუქტში 50-100 გრამის ფარგლებში იტყუებიან, მაგრამ ბაზრებში შეიძლება 200 გრამით მოგატყუონ.
ჩვენ ვსაუბრობთ სუპერმარკეტებზე, თორემ ბაზარში რაც ხდება, ეს არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება. არ არსებობს უწყება, რომელიც სასწორს შეამოწმებს და დამრღვევს დასჯის. ძალიან გვინდა, რომ დავიცვათ მომხმარებელი, რომელსაც აქვს უფლება, მიიღოს ზუსტად იმ რაოდენობის პროდუქტი, რა თანხასაც ის იხდის", - განმარტავს შენგელია და დასძენს, რომ მყიდველს აქვს ზარალის ანაზღაურების უფლება და შეუძლია, გამყიდველს დანაკლისი პროდუქციის შევსება მოსთხოვოს, მაგრამ ამ უფლებას არავინ იყენებს.
გამოდის, რომ 1 თვის განმავლობაში თუკი 1 ოჯახი, საშუალოდ, 80-100 კგ სხვადასხვა სახის პროდუქტს ყიდულობს, მინიმუმ 10 კილოგრამს ატყუებენ.
"მყიდველს ყველაზე მეტად ფქვილის, მარცვლეულისა და ბურღულეულის ყივდისას ატყუებენ. ყოველთვის იმაზე ვწუწუნებთ, რომ შემოსავალი არ გვყოფნის, მაგრამ ადამიანს რა შემოსავალი აქვს, იმასაც ვერ ხარჯავს სწორად, ესაა პრობლემა, რამდენიმე ობიექტი შევამოწმეთ და დარღვევები აბსოლუტურად ყველგან აღმოვაჩინეთ. აგრარულ ბაზრებში, ძირითადად, ხელის სასწორს იყენებენ, სადაც ცდომილება დიდია და გადახდილი თანხა შეძენილი საქონლის წონას არ შეესაბამება.
წონის გაკონტროლების შემთხვევაში, მომხმარებელს აქვს უფლება, გამყიდველს დანაკარგის ანაზღაურება მოსთხოვოს. როდესაც მომხმარებელს წონის გადამოწმების შესაძლებლობა არ აქვს, განიცდის ეკონომიკურ ზარალს და ამით მისი უფლებები ირღვევა", - განმარტავს ამირან შენგელია.
მისი თქმით, ორგანიზაციის წარმომადგენლები ელექტრონული სასწორების სისწორესთან დაკავშირებით კვლევას ამ ეტაპზეც აგრძელებენ. ჯერჯერობით რამდენიმე სუპერმარკეტი და ბაზარი შემოწმდა, რამდენიმე დღეში კი ჰიპერმარკეტებს შეამოწმებენ.
წონაში მოტყუების ფაქტი განსაკუთრებით მას შემდეგ გახშირდა, რაც ელექტროსასწორის დაკალიბრების მოთხოვნა არასავალდებულო გახდა. მყიდველი მაღაზიის მეპატრონის სინდისზეა მინდობილი, რითაც ბევრი სარგებლობს და მომხმარებელს ატყუებს.
"ცალკე პრობლემაა, რომ ვერავის მივმართავთ საჩივრით. მნიშვნელოვანი ზარალი თუ არ მიადგა, მცირე დანაკარგზე კანონმდებლობა არ რეაგირებს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" შენგელიამ.
საინტერესოა, წონის პრობლემა რამდენად არის მომხმარებლებისთვის შესამჩნევი ან ახდენენ თუ არა ისინი შეძენილი პროდუქტის გადამოწმებას? ამ კითხვით "ბიზნეს-რეზონანსმა" რამდენიმე მომხმარებელს მიმართა, როგორც აღმოჩნდა, პრობლემის შესახებ ყველამ იცის, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არავის არ უჩივლია.
"მქონია რამდენიმე შემთხვევა, რომ წონის გაკონტროლების შემდეგ პროდუქტი დამიბრუნებია. ცხადია, ეს ბაზარში მოხდა. სუპერმარკეტში ყიდვისას ამ პრობლემაზე იშვიათად ვფიქრობ, მაგრამ წარმოდგენაც არ მქონდა, რომ შეიძლება დაფასოებული სურსათის ყიდვისას მომატყუონ.
არასდროს მიმიმართავს ვინმესთვის ჩივილით, ბაზრებში ისეთი ქაოსია, ვის რა უნდა მოკითხო?! მაღაზიებში კი მსგავსი ხარვეზი არ შემინიშნავს, მაგრამ შევეცდები, უფრო ფრთხილი გავხდე", - ამბობს ვერიკო სალაყაია, ახალგაზრდა პედაგოგი.
"ამ ას წინათ 3 კგ მაყვალი ვიყიდე და 0,5 კგ-ში მოვტყუვდი. ასეთი რამ ხშირად ხდება. წიწიბურას ყიდვისას მცირე ცდომილების შემთხვევა მქონდა სუპერმარკეტშიც. სხვაობა თვალითაც იყო შესამჩნევი, ამიტომ ვუთხარი კიდეც და დანაკარგი შეავსეს. მაღაზიებთან დაკავშირებით სხვა შემთხვევა არ მახსენდება.
კონტროლი ნამდვილად გასაძლიერებელია, განსაკუთრებით - ბაზრებში, სადაც საკუთარი სასწორით უნდა ვიაროთ. ამას ერთხანს ვაკეთებდი კიდეც, მაგრამ მოვაჭრეებმა პროდუქტი არ მომყიდეს და შევეშვი. ზოგი არ მალავს და ამბობს კიდეც, რომ "ზედმეტ წონაზე" მუშაობს. ძნელად წარმოსადგენია, ასეთი რამ სხვა ქვეყნებში ხდებოდეს", - ამბობს ირმა გამყრელიძე, თბილისელი დიასახლისი.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"