იმ შემთხვევაში, თუკი შვილის შეყვანას კერძო სკოლაში აპირებთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ყოველთვიური გადასახადის გარდა თანხის გადახდა სახელმძღვანელოებშიც მოგიწევთ.
თბილისის კერძო სკოლებში მშობლებს წიგნების საყიდლად დამატებით 130 ლარიდან და მეტის გადახდა უწევთ.
მოგეხსენებათ, საჯარო სკოლებში სახელმძღვანელოებს სამინისტრო უფასოდ არიგებს. პირველკლასელები უმეტესწილად ახალ წიგნებს იღებენ. რაც შეეხება უფრო მაღალი კლასის მოსწავლეებს, მათ ახალი წიგნებიც შეიძლება შეხვდეთ და უკვე ნახმარიც. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რა რაოდენობის წიგნი შემორჩა სკოლას წინა წლიდან ისეთ მდგომარეობაში, რომლის გამოყენება კვლავაც შესაძლებელია. ამის გათვალისწინებით სკოლა სამინისტროში აგზავნის მოთხოვნას ახალი წიგნების რაოდენობის შესახებ.
რაც შეეხება კერძო სკოლებს, რომელიც საქართველოში სულ 250-მდეა, ისინი სამინისტროსგან იღებენ ჩამონათვალს, თუ რომელი ავტორისა და გამომცემლობის გრიფირებული სახელმძღვანელოები შეუძლიათ გამოიყენონ ამა თუ იმ საგანსა და კლასში. შემდეგ კი სკოლა თავად აკეთებს არჩევანს. გარდა ამისა, საკუთარი სურვილით ამატებს დამხმარე სახელმძღვანელობსაც. სწორედ ამიტომ, წიგნების ფასები სკოლებისა და კლასების მიხედვით განსხვავებულია.
მაგალითად მშობელი, რომლის შვილი კერძო სკოლა ”ალმასში” სწავლობს, ამბობს, რომ შარშან, როდესაც გოგონა მეოთხე კლასელი იყო, მას წიგნებში ჯამში 130 ლარის გადახდა მოუწია.
”ჩვენ სკოლას გამომცემლობა „ლიბრასთან“ აქვს ხელშეკრულება გაფორმებული. წიგნები სკოლაში მოაქვთ და იქვე ვყიდულობთ. თითო საშუალოდ 8-10 ლარი ღირს. სამუშაო რვეულები- 2,5-5 ლარი. თუმცა, ინგლისურის წიგნი სამუშაო რვეულით შარშან 23 ლარი ღირდა,” - ამბობს მშობელი.
ანი ფაციას შვილი უკვე მეორე კლასელია. ის სკოლა-ლიცეუმ ”ფესვებში“ სწავლობს. ანი ამბობს, რომ გასულ წელს პირველი კლასის წიგნები 170 ლარად შეიძინა.
”სკოლის ადმინისტრაციამ თავად ჩაგვაწერინა ავტორები. თითო წიგნი 7-8 ლარი ღირდა. წელს რა ეღირება ჯერ არ ვიცით, სწავლის დაწყებისას გვეტყვიან,” - ამბობს ის.
300 ლარამდე ჯდება წიგნები კერძო სკოლა „სხივში“. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სხვადასხვა კლასში სხვადასხვა ოდენობის თანხის გაღებაა საჭირო.
„შარშან, მე-8 კლასის წიგნები დაახლოებით 200 ლარი დამიჯდა“ - ამბობს ლელა აშრალოვი.
მიმდინარე წელს სწავლა როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლებში 15 სექტემბერს იწყება.