მეტროსადგური "თავისუფლების მოედანი" "გალერია თბილისს“ დაუკავშირდება

სავაჭრო ცენტრი „გალერია თბილისი“, რომლის მშენებლობაც უახლოეს პერიოდში დასრულდება, მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანს" დაუკავშირდება.

„გალერია თბილისის“ ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, „თავისუფლების მეტროს“ გასასვლელი ექნება როგორც ქუჩისკენ, ისე სავაჭრო ცენტრშიც.

მათივე ცნობით, სავაჭრო ცენტრის სამუშაოები ბოლო ეტაპზეა.

„მიმდინარეობს შიდა მოპირკეთების სამუშაოები და მოიჯარეებიც საკუთარ ფართებს არემონტებენ. შესაბამისად, სავაჭრო ცენტრი როგორც დაგეგმილი იყო, მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიხსნება", - აღნიშნავენ სავაჭრო ცენტრში.

"გალერია თბილისი" 55 000 კვადრატულ მეტრზე იქნება განთავსებული. ამასთან, არსებული ინფორმაციით, „გალერია თბილისში“ 90-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდი იქნება წარმოდგენილი.

მათ შორის, საქართველოში Apple-ის პირველი პრემიუმ რისელერის მაღაზია; Armani Exchange, Calvin Klein Jeans, IKKS ქალისა და მამაკაცის ხაზით და Roman, რომლებიც საქართველოში პირველად შემოდიან; გაიხსნება H&M-ის მაღაზია, რომელიც კავკასიის რეგიონში ამ ბრენდის პირველ სავაჭრო ობიექტს წარმოადგენს; ასევე „გალერია თბილისში“ ახალი კონცეფციით იქნებიან წარმოდგენილი Lacoste, Guess, United Colors of Benetton, Trussardi, Stenders.

გალერია თბილისი საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პროექტია, რომლის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 90 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.

იხილეთ აგრეთვე:

როგორი იქნება სავაჭრო ცენტრი „გალერია თბილისი“ (+ფოტო)

H&M-ის მაღაზია სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში“ გაიხსნება