ევროპარლამენტში ევროკავშირსა და საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შორის მობილურ კავშირში როუმინგისთვის დაწესებული გადასახადის გაუქმების ინიციატივით გამოდიან.
რადიო ”თავისუფლების” ჟურნალისტის რიკარდ იოზვაიკის ინფორმაციით, ნოემბერში დაგეგმილი ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტის ფარგლებში ევროპარლამენტის რეკომენდაციებს შორის ერთ-ერთი საკითხი სწორედ ეს იქნება.
ევროპარლამენტი ზემოხსენებული სამი ქვეყნისთვის ”აღმოსავლეთ პარტნიორობა-პლიუსის” მოდელის შექმნას სთავაზობს, რომელიც საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთვის ცალმხრივი სატარიფო პრეფერენციების შემოღებას ან მაღალსიმძლავრიანი კავშირის არხების შექმნას ითვალისწინებს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ”აღმოსავლეთ პარტნიორობა-პლიუსის” მოდელს მომავალში შესაძლოა შეუერთდნენ ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” სხვა მონაწილეები - აზერბაიჯანი, ბელორუსი და სომხეთი, ”როდესაც ისინი ასეთი გაფართოებული შესაძლებლობებისთვის მზად იქნებიან”.
პროექტის განხილვა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე 14 სექტემბერს იგეგმება.