სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას აცნობს.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო შესაბამის კამპანიას და საველე ღონისძიებებს განახორციელებს წლის ბოლომდე, ვიდრე მავნებელი ზამთრის ძილს მიეცემა.
"კამპანია არის მოწოდება, რომ ერთობლივი ღონისძიებებით ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ მავნებელი და მეორე, მივყვეთ მავნებელს კვალდაკვალ მისი გავრცელების გეოგრაფიის მიხედვით. მობილიზებული გვყავს სრულად ტექნიკური საშუალებები და ვფიქრობთ, ჩვენი ღონისძიებები იმ შედეგის მომტანი იქნება, რომ მომავალი წლისთვის პოპულაცია მნიშვნელოვნად შემცირებული იქნება და რამდენიმეწლიან პერსპექტივაში ჩვენ მავნებლის სრულად კონტროლში მოცვას შევძლებთ",- განაცხადა დავითაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ავიაცია სამუშაოებში ხვალიდან ჩაერთვება.