თუ კახეთში შეიძლებოდა პატარა სტიქიაზეც განგაშის ატეხვა და სუბსიდირება, რატომ არ შეიძლება სამეგრელოსა და გურიაში?! ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ედიშერ თოლორაიამ აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილისგან ისმენენ.
ოპოზიციის წარმომადგენლების გარდა, ხელისუფლება დაგვიანებული რეაქციისთვის და მავნებელთან მოუმზადებლად შეხვედრის გამო ფერმერების დადანაშაულებისთვის საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმაც გააკრიტიკა.
"დავაგვიანეთ თუ არ დავაგვიანეთ, ფაქტი სახეზეა - თხილის კულტურის მოსპობაზეა საუბარი. შემდეგ გადავიდა სიმინდზე და სხვა კულტურებზე და თქვენ მოსახლეობას აბრალებთ... მე მაინტერესებს და ამას არ ვამბობ შურით ან ეგოიზმით, თუ შეიძლებოდა კახეთში პატარა სტიქიაზეც განგაშის ატეხვა და სუბსიდირება, რატომ არ შეიძლება სამეგრელოში ან გურიაში. ბროშურების დარიგება და სემინარები არაფერს ცვლის",- განაცხადა თოლორაიამ.
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის განცხადება "ევროპული საქართველოს" წევრებმა გაიზიარეს, რომელთაც ასევე მოითხოვეს დაზარალებული მოსახლეობისთვის სუბსიდიის გამოყოფა.