საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის 25 წლისთავი, ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები და მსოფლიო ბანკის ჯგუფის სტრატეგია 2018-2021 წლებისთვის იყო მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრაზე ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ სირილ მიულერთან.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი თბილისში საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით იმყოფება.
მხარეებმა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. გიორგი კვირიკაშვილმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მთავრობის რეფორმების მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მსოფლიო ბანკის მიერ დღემდე გამოყოფილ 3 მილიარდ აშშ დოლარამდე შეღავათიან სესხს, ასევე - მიმდინარე საინვესტიციო პროექტებს, რომელთა მოცულობა 754 მილიონ აშშ დოლარს აღწევს. პრემიერმა განსაკუთრებით აღნიშნა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა არაერთ სფეროში, მათ შორის - განათლებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით.
შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელების პროცესზე, სტრუქტურულ - მათ შორის, კაპიტალის ბაზრისა და საპენსიო რეფორმებზე, ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე და საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წამყვან პოზიციებზე.
მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, ასევე ისაუბრა 25-წლიან წარმატებულ თანამშრომლობაზე და საქართველოში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა.
სირილ მიულერი აგრეთვე მონაწილეობას მიიღებს ფორუმში - „Boosting Georgia’s Development: From Top Reformer to Top Performer, რომელიც საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის 25 წლის აღსანიშნავად 15 სექტემბერს გაიმართება.