თბილისში, დღეს, ევროკავშირის პროექტის ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება’’ ფარგლებში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
პროექტის მიზანია შშმ პირთა პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა. ამასთან, პროექტი პროფესიულ სასწავლებლებსა და ბიზნეს სექტორს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ საზოგადოებაში არსებული სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცირებას და აღნიშნულ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას ემსახურება.
სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის ზაზა სოფრომაძის თქმით, პროექტის დასრულების შემდგომ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ სპეციალურად შემუშავებულ უნიკალური დასაქმების მოდელს სახელმწიფო ოფიციალურად გადაიბარებს.
ღონისძიებაზე 2017 წლის საუკეთესო დამსაქმებლები და წლის მხარდამჭერი დაჯილდოვდნენ. აგრეთვე შედგა პროექტის ფარგლებში შექმნილი ფილმის პრემიერა.
პროექტი 2015 წლის 1 სექტემბრიდან ხორციელდება და მისი მთლიანი ბიუჯეტი 377,981 ევროს (982,750 ექვივალენტი ლარში) შეადგენს.