ახალი iPhone-ები საქართველოში ამ თვის ბოლოს გამოჩნდება. საუბარია, iPhone 8 და iPhone 8 +-ზე.
ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანია აიპლუსში განუცხადეს.
რაც შეეხება საიუბილეო iPhone X-ს (iPhone 10) მისი გაყიდვა საქართველოში ნოემბრიდან დაიწყება.
კომპანიაში ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებენ, რა ეღირება ახალი iPhone-ები და აღნიშნავენ, რომ ამის შესახებ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
Apple-მა iPhone 8-ის, iPhone 8+ - სა და საიუბილეო iPhone X კალიფორნიაში, სტივ ჯობსის თეატრში გუშინ წარმოადგინა.
iPhone 8 და iPhone 8 + ვიზუალურად iPhone 7-ის მსგავსია, რაც შეეხება iPhone X-ს, იგი განსხვავებულია. ამ მოდელის მთავარი ღირსებაა ე.წ. უსაზღვრო ეკრანი - all screen. ანუ, წინა პანელი მთლიანად ეკრანს უკავია. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, ეკრანი მაღალი გარჩევადობითა და ფერთა ფართო გამით გამოირჩევა. ასევე, მას აქვს სახის სკანერი, თუმცა აღარ აქვს თითის სკანერი.
რაც შეეხება ფასებს, iPhone 8 699 $ ეღირება, iPhone 8 + - 799 $, ხოლო iPhone X- 999 $.
საიუბილეო მოდელი iPhone-ის 10 წლის იუბილეს მიეძღვნა.