ბორჯომის გამგებლის მოადგილის ანზორ სვანიძის თქმით, გამგებლის 11-ვე თანამშრომელს პრემიები უკვე გადაეცათ.
ამის შესახებ სვანიძემ "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.
„მეხანძრე-მაშველებთან შედარებით შესაძლოა ჩვენი ღვაწლი არაფერია, თუმცა ყველა სტრუქტურულ ერთეულს თავისი ხელმძღვანელი ჰყავს და როგორც ვიცი, მეხანძრე-მაშველებიც მიიღებენ პრემიებს. რაც შეეხება ბორჯომის გამგეობას, იმ 8 დღის განმავლობაში გამგეობის 11 თანამშრომელი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობდა. მათ შორის 3 მძღოლი იყო. მეც და გამგებელიც 8 დღის განმავლობაში სახლში არ ვყოფილვართ. ფულადი ჯილდო კანონის სრული დაცვით, ყველა თანამშრომელმა საკუთარი სამსახურიდან გამომდინარე მიიღო“, - განაცხადა სვანიძემ.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის 7 სექტემბრის ბრძანების თანახმად, აგვისტოში ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიური მონაწილეობისთვის ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელს და გამგეობის 11 თანამშრომელს პრემია გამოეწერათ.