2017 წლის აგვისტოში ექსპორტი გაიზარდა 25,7%-ით, ხოლო იმპორტი - 1,2%-ით, შესაბამისად, კუმულატიურად, 2017 წლის 8 თვის მონაცემებით, ექსპორტში გვაქვს 28,5%-იანი ზრდა, ხოლო იმპორტი გაზრდილია 7,5%-ით , - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შესახებ კომენტარისას განაცხადა.
„ექსპორტის მიმართულებით ძირითადად ზრდა გვაქვს ფეროშენადნობების, სასუქების, მინერალური წყლების, ღვინის, სამკურნალო საშუალებების ექსპორტში, შესაბამისად, საქართველოს საგარეო ვაჭრობაში პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება უკვე 2016 წლის სექტემბრიდან. თვიდან თვემდე ექსპორტი მზარდია და საგარეო ვაჭრობა ამ არხით დადებით გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე“, - აღნიშნა ნინო ჯავახაძემ.
2017 წლის 8 თვეში სავაჭრო ბალანსი გაუმჯობესდა 28.1 მლნ აშშ დოლარით. მიმდინარე წლის აგვისტოში, უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა ფეროშენადნობის (134%), აზოტოვანი სასუქების (84%), სამკურნალო საშუალებების (79%), ყურძნის ნატურალური ღვინოების (64%) და მინერალური და მტკნარი წყლების (23%) ექსპორტი.
რაც შეეხება იმპორტს, გაზრდილია ნავთობისა და ნავთობპროდუქტების (32%), სატელეფონო აპარატების (27%), სამკურნალო საშუალებების (17%) იმპორტი.
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებთან დაკავშირებული წარმატებით დასრულებული და მიმდინარე მოლაპარაკებები, ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას, შექმნის ექსპორტის პოტენციალის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას.