ბორჯომის ხეობაში მომუშავე მეხანძრე-მაშველებს სპეციალური, ცეცხლგამძლე ფეხსაცმელი ჯერ არ მიუღიათ.
საუბარია, ამერიკის საელჩოს მიერ სტიქიაში მონაწილე მეხანძრე-მაშველებისთვის 26 აგვისტოს გადაცემულ 500 წყვილ ფეხსაცმელზე.
ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ფეხსაცმელები მათ ბაზაზე, საწყობშია.
„მეხანძრე-მაშველები ჯერ კიდევ მთაში გვყავს, რადგან მართალია ხანძრები ჩავაქრეთ, მაგრამ პრევენციული ღონისძიებები მიმდინარეობს. როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, გადაიხედება ყველაფერი და აღნიშნული ფეხსაცმელი იმ მეხანძრე-მაშველებს გადაეცემათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. იმ შემთხვევაში, თუ ეს ფეხსაცმელი საკმარისი არ აღმოჩნდა, სამსახურს აქვს რესურსი რომ ყველა მეხანძრე-მაშველი უზრუნველყოს საჭირო ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობით“, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების სამსახურში.