სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში დაფინანსებული „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოს გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები დასკვნით კონფერენციაზე შეაჯამეს.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ევროკავშირის ატაშემ კრისტინა კასელამ, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ და EVOLUXER-ის კონსორციუმის პროექტის ხელმძღვანელმა, სერხიო ვიდალიმ.
„კრისტინა კასელამ ხაზი გაუსვა პროექტის შედეგების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ არსებული მიღწევების მდგრადობისთვის მნიშვნელოვანია, პროექტის ფარგლებში დანერგილი საქმიანობები სააგენტოს მიერ მომავალშიც გაგრძელდეს.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ პროექტის შედეგები პოზიტიურად შეაფასა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მეპაიეთა კვალიფიკაციის ამაღლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
პროექტის ფარგლებში გადამზადდა სხვადასხვა კოოპერატივის 3000-მდე წევრი. სასწავლო კურსისთვის სპეციალურად შემუშავდა მოდულები, რომლებიც მოიცავდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის საფუძვლებს და მისი ორგანიზაციული განვითარების ციკლს, საორგანიზაციო აუდიტის მეთოდოლოგიას, სამართლებრივ რეგულირებას და შიდასაწარმოო ურთიერთობების წესებს. ტრენინგები ჩატარდა აგრეთვე ბიზნეს დაგეგმარებისა და სოფლის მეურნეობის დარგობრივი მიმართულებებითაც.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გაძლიერების პროექტი 2015 წლის სექტემბრიდან ხორცილდება. მისი მიზანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობა“, - აღნიშნულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.