კახეთში მევენახეების მიერ ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 32,2 მლნ ლარს მიაღწია

რთველი-2017-ის პროცესში, კახეთის რეგიონის მევენახეების მიერ ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 32,2 მლნ ლარს მიაღწია.

14 სექტემბრის 10.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 29,7 ათასი ტონა ყურძენი. მთლიანი გადამუშავებული ყურძნიდან 12 ათასი ტონა რქაწითელი, 14,8 ათასი ტონა საფერავი, 1,2 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 4,2 ათას ტონას გადააჭარბა, რაც ნიშნავს, რომ რთველი კახეთის რეგიონში აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 157 ღვინის კომპანია, ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 79.

მეღვინეობის დარგის არსებული მდგომარეობის (ღვინის ექსპორტის ზრდა, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია, გაფართოებული ღვინის საწარმოები, იაფი აგროკრედიტებისა და აგროდაზღვევის განვითარებული სისტემა) და ყურძნის შესყიდვაზე კერძო სექტორის მხრიდან მოთხოვნილების ზრდის გათვალისწინებით, კახეთის რეგიონში 2017 წლის რთველზე ყურძენზე სუბსიდია აღარ გაიცემა. ამასთან ერთად, ბრენდის წარმოების განვითარების ხელშესაწყობად, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 35 თეთრს მიიღებენ.

რთველთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.