უკვე რამდენიმე წელია ქათმის ხორცის მწარმოებელი კომპანიები დღგ-სგან გათავისუფლებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით მომუშავე ქართული კომპანიების მოგების მარჟა საკმაოდ დაბალია და ბიზნესოპერატორებს გაზრდილი ხარჯები მძიმე ტვირთად აწვებათ.
ბოლო დღეებში ამ ხარჯებს კიდევ ერთი დაემატა: 2017 წლის 24 აგვისტოდან სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განისაზღვრა სააგენტოს მომსახურების გაწევის ვადა და საფასური. მათ შორისაა ფრინველის ხორცის ვეტერინარული შემოწმება, ე.წ. ფორმა N 2. შესაბამისი დოკუმენტის გაცემა ერთ ფრთა ქათამზე 5 თეთრი ღირს. რა ხდება ამ დარგში, არის თუ არა მონოპოლია და რა შეიცვალა აღნიშნული დადგენილების მიღების შემდეგ? - ამის თაობაზე „ბიზნესპრესნიუსი“ საქართველოს მეფრინველეთა ასოციაციის ხელმძღვანელს - ზურაბ უჩუმბეგაშვილს ესაუბრა:
- სავსებით ლოგიკური რამ ხდება: ეს 5 თეთრი კომპანიების მოგებიდან იხარჯება და ეს ხარჯი რომ დაფარონ, იძულებული ხდებიან პროდუქცია სულ ცოტა, 10 თეთრით მაინც გააძვირონ. დადგენილება 24 აგვისტოს შევიდა ძალაში, თანაც, ყოველგვარი შეთანხმების და კონსულტაციების გარეშე: ამის შესახებ 23 აგვისტოს სრულიად მოულოდენლად შეატყობინეს მეწარმეებს და გადასახადი ისე დაუმატეს, რომ გონზე მოსვლაც ვერ მოასწრეს. რამდენიმე ფაბრიკამ უკვე გააძვირა თავისი პროდუქცია - ზოგმა 10, ხოლო ზოგმა - 20 თეთრით. ჩვენ არა გვაქვს იმის ფუფუნება, რომ გაზრდილი გადასახადი პროდუქციის ფასზე არ აისახოს, ამიტომ პროდუქციას სხვა კომპანიებიც გააძვირებენ.
-ბატონო ზურაბ, ფორმა N 2 ადრეც ხომ ახლდა თქვენს პროდუქციას?
-დიახ, ფორმა N 2 ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ფასიანი არ იყო, ახლა კი, ფასიანი გახდა. რატომ? - ამაზე პასუხი გვაინტერესებს და ვერ ვიღებთ. ალბათ ამ თანხას ბიუჯეტში გაუშვებენ, მაგრამ რასაც ვიხდიდით, არ იყო საკმარისი? საქართველოში ყოველ წელიწადს დაახლოებით 4 მილიონი ფრთა ფრინველი იკვლება, 5 თეთრზე რომ ვიანგარიშოთ, ამ გზით ბიუჯეტში 1 მილიონამდე ლარი შევა. ეს 1 მილიონი სად წავა, ეს არის საკითხავი.-თუმცა სურსათის უვნებლობა ამად ღირს?
-იცით ეს ყველაფერი რას მაგონებს? - კომუნისტების დროს რომ ხდებოდა: აცხადებდნენ, რომ რომელიღაც პროდუქტი საბჭოთა მშრომელების თხოვნით უნდა გაძვირებულიყო და ის მართლა ძვირდებოდა. რამდენი ახალი რამ იქნება ევროპიდან გადმოსაღები, გადასახადი იმდენჯერ რომ გაგვიძვირონ, კარგად იქნება ჩვენი საქმე! ფინანსთა სამინისტრო რომ აცხადებს, 30 მილიონი შედის მეფრინველეობიდან ბიუჯეტშიო, ეს 30 მილიონი სურსათის უვნებლობასაც ეყოფა და სხვა რამესაც, მაგრამ ბიზნესი ხომ უნდა დაბეგრონ? თუ ასე გაგრძელდება, ადგილობრივი მეწარმეების საქმიანობა აზრს დაკარგავს და თუ ახლა 70- 80 პროცენტით ვართ იმპორტზე დამოკიდებული, ცოტა ხანში 90%-ით ვიქნებით. ყველა ნორმალური საწარმო, რომელიც ბაზარზე ოპერირებს, თავის ნაწარმს გააძვირებს და ეს გაძვირება ისევ მომხმარებლის მხრებს დააწვება. ჩვენ რეალიზაცია შეგვიმცირდება, ხოლო ხალხი ქართული პროდუქციის შეძენას ვეღარ შეძლებს - აი, ეს იქნება სამწუხარო შედეგი, რომელსაც მივიღებთ.-ამბობთ, რომ დღგ-საც უსამართლოდ გახდევინებენ. რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?
- დღგ-ის გადახდა არასამართლიანია თუნდაც იმიტომ, რომ არც ერთ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში მეფრინველეობის არც ერთი მიმართულება ამ გადასახადით არ იბეგრება. გარდა ამისა, საქართველოში სოფლის მეურნეობის არც ერთი პროდუქტი, გარდა ქათმის ხორცისა და კვერცხისა, დღგ-ით არ იბეგრება. ეს გადასახადი რომ არასამართლიანია, ყოფილი ბიზნესომბუდსმენის და ამჟამინდელი ეკონომიკის მინისტრის - გიორგი გახარიას დასკვნაშიც წერია. უფრო მეტიც, არც ერთ სხვა ფრინველზე არ არის დაწესებული დღგ-ის გადასახადი, გარდა ქათმისა. რატომ? - ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს. უკვე 10 წელია ერთსა და იმავეს ვლაპარაკობთ, მაგრამ კაცი არ გვისმენს და ყურადღებას არ გვაქცევს. ხშირად ვფიქრობ, რომ ამ ფონზე ჩვენი ასოციაციის არსებობასაც აზრი არა აქვს.-ეს ყველაფერი იმპორტიორების სასარგებლოდ ხომ არ კეთდება?
-უცნაურია, მაგრამ იმპორტიორებსაც პრობლემები აქვთ - თვითონ დამიკავშირდნენ და მითხრეს. საქმე ის არის, რომ როცა იმპორტიორს საქართველოში ცხოველური წარმოშობის პროდუქტი შემოაქვს, მისი ინსპექტირება გარკვეული თანხა ღირს. აქამდე ეს თანხა 2500 დოლარი იყო, ახლა კი, 3000 დოლარამდე ავიდა. ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ ამ დარგის შეზღუდვა მიზანმიმართული პროცესია - ვიღაცამ დაინახა, რომ მეფრინველეობის დარგი სწორი გზით ვითარდება და ხელს უშლის. ამ ყველაფერს თითქოს უხილავი ხელი მართავს. მე მხოლოდ და მხოლოდ მეფრინველეობაზე ვლაპარაკობ, პოლიტიკა აქ არაფერ შუაშია. როდესაც გადასახადები ასე მოულოდნელად იცვლება, ასეთ ქვეყანაში რომელი ინვესტორი შემოვა? ერთი სახელმწიფო მაინც დამისახელეთ, სადაც გადასახადებს ისე ცვლიან, რომ ბიზნესმა წინასწარ არაფერი იცის. ასეთი რამ არსად ხდება, გარდა აფრიკის ქვეყნებისა.-და ბოლოს, ბატონო ზურაბ, რას გვეტყოდით მოსაზრებაზე, რომ ამ ბაზარზე მონოპოლიური სიტუაციაა და მას „ჩირინა“ აკონტროლებს?
-მოკლედ გიპასუხებთ: ის, რომ კომპანია ბაზრის დიდ წილს ფლობს, სულაც არ ნიშნავს, რომ ის მონოპოლისტია. „ჩირინა“ იზრდება, ვითარდება და რატომ უნდა მივიჩნიოთ მონოპოლისტად? ამ ბაზარზე მცირე საწარმოები უფრო მომგებიან მდგომარეობაში არიან: დღგ-ს და სხვა გადასახადებს არ იხდიან, თანაც, გარევაჭრობით არიან დაკავებული და კიდევ რა პრეტენზია აქვთ, არ ვიცი. ჩვენ თვეში ორჯერ სურსათის უვნებლობის სამსახური და სხვა უწყებები გვამოწმებენ, ისინი კი თავისუფლად არიან, არანაირ სტანდარტებში არ ჯდებიან და კიდევ მონოპოლიაზე საუბრობენ?! მოკლედ, ამ დარგში ძალიან ბევრი გადაუჭრელი პრობლემაა, რომელსაც მიხედვა და გონივრული გადაწყვეტა სჭირდება.ხათუნა ჩიგოგიძე