“ცენტრ პოინტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, გუკა რჩეულიშვილის განცხადებით, სამშენებლო კომპანია “ცენტრ პოინტის” გაყიდვის საქმეზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს , თუმცა რომელი კომპანიებია შესყიდვით დაინტერესებული, ამ ეტაპზე რჩეულიშვილი არ აკონკრეტებს.
მისივე განცხადებით, ვინც “ცენტრ პოინტს” შეისყიდის, ყველა ვალდებულებას ის აიღებს და მყარ გარანტიებს დაზარალებულებს ის მისცემს.
“წინა განცხადება აგვისტოს ბოლოს გავაკეთე. მას შემდეგ, რეალურად, სურათი არ შეცვლილა - მოლაპარაკება მთლიანად კომპანიის გაყიდვაზე მიმდინარეობს. ჩვენთვის და ამ მომენტში ჩართული ყველა მხარისთვის მთავარია, რომ ვალდებულებები დასრულდეს. თუ რომელი კომპანიაა დაინტერესებული, ამაზე ახლა კომენტარს ვერ გავაკეთებ იმიტომ, რომ ამ საკითხზე თუ უნდათ, თვითონ კომპანიებმა ისაუბრონ. ჩემი მხრიდან არასწორი გამოდის საუბარი. შესყიდვით საკმაოდ დიდი ჯგუფებია დაინტერესებული. ჩემი მხრიდან შემიძლია ვთქვა, რომ პირადად ჩემი რაც არის გასაკეთებელი, ყველაფერი გავაკეთეთ. ახლა უბრალოდ, ველოდებით საბოლოო პასუხს იმ ხალხისგან, რომელიც შესყიდვით არის დაინტერესებული”, - განაცხადა გუკა რჩეულიშვილმა.