დარღვევა, რომლის გამოც მძღოლები ერთი თვის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით 11 757-ჯერ დაჯარიმდნენ, არასწორ პარკირებას და დგომა-გაჩერების წესების დაუცველობას უკავშირდება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1 ივლისიდან 1 აგვისტომდე საპატრულო პოლიციამ მძღოლები ყველაზე ხშირად ამკრძალავი ნიშნების "გაჩერება აკრძალულია" და "დგომა აკრძალულია" მოთხოვნების დაუცველობის, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების დაუცველობის გამო დააჯარიმა.
"ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" ხელმძღვანელის, ეკა ლალიაშვილის თქმით, აღნიშნული წესების ყველაზე ხშირად დარღვევა მოსალოდნელი იყო, ვინაიდან პარკირების პრობლემა ხელისუფლებისთვის ისევ გამოწვევად რჩება:
"მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემის ამოქმედებამდე მიმდინარეობდა განხილვა, მიენიჭებინათ თუ არა პარკირების წესის დარღვევისთვის 5 ქულა, თუმცა საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ არ მიენიჭებინათ, რადგან მოლოდინი დიდი იყო, რომ ბევრი მძღოლი დაჯარიმდებოდა და შესაძლოა, ქულების ჩამოკლების შედეგად, ქულებიც ჩამორთმეოდათ. ჩვენმა ხელისუფლებამ იცის, რომ პარკირება პრობლემაა, ბუნებრივია, გამოსასწორებელია ინფრასტრუქტურის საკითხი და აქ მხოლოდ მძღოლს ვერ დავადანაშაულებთ.
ქალაქებს პარკირების ადგილებად ვერ გავხდით, უბრალოდ ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს, როგორი ალტერნატივა შეიძლება შესთავაზოს მოსახლეობას, რომ ქალაქში პარკირებისთვის ამდენი ადგილი აღარ გახდეს საჭირო. ვფიქრობ, ეს გრძელვადიანი საკითხია და ამაზე უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება. ეს არის სიგნალი, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს,” - განმარტა ეკა ლალიაშვილმა.
თბილისში ერთ საპარკინგე ადგილზე 15 ავტომობილი მოდის, სწორედ ამიტომ ტრანსპორტის დარგის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ყველაზე მეტი დარღვევა არასწორ პარკირებას და დგომა-გაჩერებას ეხება. იხილეთ გაგრძელება