2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბიუჯეტი 39 მილიონ ლარს შეადგენს.
როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის საფინანსო დეპარტამენტის უფროსმა ოთარ ბუსკივაძემ განმარტა, ბიუჯეტი პროგრამულად იყოფა 4 ნაწილად, კერძოდ: 28 მილიონი ლარი მოხმარდება არჩევნების ჩატარების ღონისძიებებს, 1 მლნ ლარი - საოლქო და საუბნო-საარჩევნო კომისიების თანამშრომლების ტრენინგს, 2 მლნ ლარზე მეტი გათვალისწინებულია კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისთვის სატელევიზიო რეკლამის განთავსებისთვის და 7 მილიონ ლარზე მეტი გათვალისწინებულია საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების დაფინანსებისთვის.
”არჩევნების ბიუჯეტის ჯამური ოდენობა შეადგენს 39 მილიონ ლარს. ეს ბიუჯეტი შედგება სხვადასხვა პროგრამული კოდებისგან. ხარჯების მიზნებისთვის ბიუჯეტი იყოფა ორ კატეგორიად - ერთი არის პირდაპირი ხარჯები, რომელიც უშუალოდ უკავშირდება არჩევნების ღონისძიებებს და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების ანაზღაურებას - შრომის ანაზღაურებას, საქონლისა და მომსახურების შესყიდვას და ა.შ. მეორე არის არაპირდაპირი ხარჯები, რომლებიც კანონმდებლობით კვალიფიციური სუბიექტებისთვის არის განსაზღვრული. ჯამურ 39-მილიონიან ბიუჯეტში არის 4 საბიუჯეტო პროგრამული კოდი, კერძოდ: 1. არჩევნების ჩატარების ღონისძიებები, ანუ პირდაპირი ხარჯები, რომელიც შეადგენს 28 მილიონ ლარს; 2. არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება-გადამზადება, რაც მოიცავს საოლქო და საუბნო-საარჩევნო კომისიების ტრენინგების ხარჯებს. საუბარია დაახლოებით 50 ათასი ადამიანის ტრენინგზე. ამ ღონისძიებებისთვის გათვალისწინებულია მილიონი ლარი; 3. არაპირდაპირი ხარჯები. ეს მოიცავს სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯს კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებისთვის. ამისთვის გათვალისწინებულია 2 240 000 ლარი. 4. საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსება, რისთვის განსაზღვრულია 7 600 000 ლარი”, - განაცხადა ბუსკივაძემ.
გარდა ამისა, როგორც ცესკოში განმარტავენ, არის ხარჯები, რომელიც ამ ეტაპზე ცესკოს ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის.
”საარჩევნო კანონით, ბარიერგადალახული საარჩევნო სუბიექტებისთვის განსაზღვრულია საარჩევნო კამპანიის დაფინანსება არა უმეტეს 500 000 ლარისა. ამ ეტაპზე ჩვენთვის არ არის ცნობილი რამდენი სუბიექტი გადალახავს ამ ბარიერს და რამდენიმე სუბიექტისთვის იქნება საჭირო ამგვარი დაფინანსების გამოყოფა. ასევე არ არის გათვალისწინებული არჩევნების მეორე ტურის გამართვის შემთხვევაში მეორე ტურისთვის საჭირო დაფინანსების რაოდენობა, რადგან არ არის ცნობილი, რამდენ საარჩევნო ოლქში გაიმართება მეორე ტური. ასეთ შემთხვევაში, როდესაც მიდის ბიუჯეტის ფაქტობრივი შესრულება, ჩვენ ვითვალისწინებთ იმ ეკონომიებს, რომელიც შესაძლოა წარმოიქმნას პირველი ტურის შემთხვევაში და დაზოგილ თანხებს ვახმართ მეორე ტურს, ასევე ბარიერგადალახულ საარჩევნო სუბიექტების დაფინანსებას. ნაწილობრივ შესაძლებელია საჭირო გახდეს ფინანსთა სამინისტროს მეშვეობით დამატებითი დაფინანსების გამოყოფაც, რაც უკვე დამოკიდებული იქნება სურათზე”, - განაცხადა ცესკოს საფინანსო დეპარტამენტის დირექტორმა.
ოთარ ბუსკივაძემ ასევე განმარტა, რომ „საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, საარჩევნო პერიოდში, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგო ორმაგდება და შესაბამისი დაფინანსება გათვალისწინებულია საბიუჯეტო კოდში.