სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობა ოთხ ძირითად პრინციპსა და ღირებულებაზე იქნება დამყარებული - ეს არის ობიექტურობა, დამოუკიდებლობა, პროფესიონალიზმი და საჯაროობა , - აღნიშნული განცხადება გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარდგენილმა ირაკლი მექვაბიშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც მისი კანდიდატურის განხილვა მიმდინარეობს.
მექვაბიშვილის თქმით, თუკი მას პარლამენტი ნდობას გამოუცხადებს, როგორც გენერალური აუდიტორი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციურ განვითარებაზე იზრუნებს.
“აუდიტის სამსახურის საქმიანობა დამყარებული იქნება ოთხ ძირითად პრინციპსა და ღირებულებაზე - ეს არის ობიექტურობა, დამოუკიდებლობა, პროფესიონალიზმი და საჯაროობა. აუდიტის სამსახურის ფუნქცია არ უნდა იყოს სადამსჯელო. ის უნდა იყოს პრევენციული ხასიათის. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იქნება აუდიტის სამსახურის თვისობრივი გადახალისება მოხდეს ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით. ვიცი, რომ ამ კუთხით არის გარკვეული წინსვლა მეგობარი დონორი ქვეყნების დახმარებით. ამ მიმართულებას მაქსიმალურად გავაძლიერებ, რათა მოხდეს სამსახურის თვისობრივი გადახალისება - ჩვენ უნდა ვხედავდეთ ყველა სისტემურ რისკს საჯარო ფინანსებში, ხდებოდეს ამის ადეკვატური შეფასება და რეაგირება“, - განაცხადა მექვაბიშვილმა კომიტეტის სხდომაზე.
მისივე თქმით, გაიზრდება მონიტორინგი აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე. ამასთან, როგორც მექვაბიშვილმა განაცხადა, უნდა გაიზარდოს აუდიტის სამსახურის რეკომენდაციებზე რეაგირების მაჩვენებელი.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარდგენილი ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურას იხილავს.
მექვაბიშვილი აღნიშნულ პოსტზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 8 სექტემბერს წარადგინა. ახალი გენერალური აუდიტორის არჩევა კი 20 სექტემბერს, პლენარულ სხდომაზე იგეგმება.
მექვაბიშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მთავარი ბანკირია.