საჯარო შესყიდვების თემაზე საქართველოში პირველად მსოფლიო მასშტაბის ორი ფორუმი ჩატარდება.
რიგით პირველ ფორუმს “რეგიონალური ფორუმი სამთავრობო შესყიდვებზე“, 19-22 სექტემბერს თბილისში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია გამართავს.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებიდან 50 კაციანი დელეგაცია ეწვევა. ფორუმს, რომლის თანაორგანიზატორია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, მსოფლიოში ავტორიტეტული ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები დაესწრებიან, რომლებიც სამთავრობო შესყიდვების ეფექტიანობაზე, და ამ სფეროს მეტ ტრანსპარენტულობასა და მონიტორინგზე მუშაობენ.
“რეგიონალური ფორუმი სამთავრობო შესყიდვებზე“ 19 სექტემბერს 09:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიხსნება.
2-4 ოქტომბერს კი თბილისი უმასპინძლებს „აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ფორუმს - საჯარო შესყიდვების ელექტრონულ სისტემებზე“, რომლის ფარგლებშიც ძირითადად აზიის რეგიონის ქვეყნებიდან, თბილისს 120 კაციანი დელეგაცია ეწვევა.
ფორუმის მთავარი ორგანიზატორი აზიის განვითარების ბანკი, თანამონაწილე კი მსოფლიო ბანკია. ღონისძიების ფარგლებში ძირითადი განსახილველი თემატიკა ელექტრონული შესყიდვების სრულყოფის საკითხებს მიეძღვნება.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფორუმები ყოველ წელს იმ ქვეყანაში ტარდება, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სფეროს რეფორმებითა და მოდერნიზაციის მიღწევებით გამოირჩევა. ეს შეხვედრები მსოფლიო კალენდარში ერთგვარი აღიარებაა საქართველოში მიმდინარე წარმატებული რეფორმებისა, როგორც სახელმწიფო შესყიდვების სფეროში, ასევე ზოგადად დემოკრატიული მმართველობის დასანერგად.