ჩვენ ვხედავთ, გვესმის, რომ ბიუჯეტიდან თანხები სამინისტროებში არასწორად იხარჯება - უზარმაზარი თანხებია სხვადასხვა სფეროებში, მომსახურების სფეროებში, რომელიც არ კონტროლდება, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობიდან გრიგოლ მიქელაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, გენერალური აუდიტორის კანდიდატურის მოსმენისას განაცხადა.
მან ამ კონტექტში წინა გენერალური აუდიტორის არაფექტურ საქმიანობაზე ისაუბრა და როგორც აღნიშნა, მისი საქმიანობა მხოლოდ ცემით დაამახსოვრდა.
“როცა მოსახლეობა გადასახადებს იხდის, ჩვენ ამ თანხებს ბიუჯეტით ვანაწილებთ სამინისტროებზე, კომიტეტებზე. მოსახლეობას აქვს განცდა, რომ ეს თანხები მიმართულებების მიხედვით მთლად სწორად არ იხარჯება. როცა “ქართული ოცნება“ ხელისუფლების სათავეში მოვიდა, გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე დატოვეს პიროვნება, რომელიც “ნაციონალური მოძრაობიდან“ იყო და ამ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. ეს ორგანიზაცია არის პარლამენტის და ქვეყნის ხერხემალი. როდესაც მან აქ ანგარიში ჩაგვაბარა და პარლამენტში ანგარიშით მოვიდა, მე ვერ დავინახე, რომ აუდიტის სამსახურმა რომელიმე უწყებაში რაიმე სერიოზული დარღვევები გამოავლინა, გამოვლენის შემდეგ ეს გადასცა შესაბამის ორგანოებს. საზოგადოებამ დღემდე არ იცის, რა ბედი ეწია ამ დარღვევებს. არადა ჩვენ ვხედავთ, გვესმის, რომ ბიუჯეტიდან თანხები სამინისტროებში არასწორად იხარჯება - უზარმაზარი თანხები სხვადასხვა სფეროებში, მომსახურების სფეროებში, რომელიც არ კონტროლდება. აქედან გამომდინარე, მე მაინტერესებს, თქვენი განწყობა არის დამრიგებლობითი. ზოგჯერ გამოდის: - “მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო“ - თუ არ გამკაცრდა და თუ კანონი არ გაძლევთ უფლება-მოვალეობების გატარების საშუალებას, თქვენ წინადადებით უნდა შემოხვიდეთ! სხვანაირად როგორ გაკონტროლდეს ეს სამინისტროები?!“, - მიმართა მიქელაძემ გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარდგენილ ირაკლი მექვაბიშვილს.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
მექვაბიშვილი აღნიშნულ პოსტზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 8 სექტემბერს წარადგინა. ახალი გენერალური აუდიტორის არჩევა კი 20 სექტემბერს, პლენარულ სხდომაზე იგეგმება.