„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე კრწანისის მოსახლეობას შეხვდა და მაჟორიტარობის კანდიდატი თემურ გორგაძე წარუდგინა.
როგორც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოში“ აცხადებენ, კახა კალაძის განცხადებით, მას სრულად აქვთ გააზრებული ის პასუხისმგებლობა, რომელსაც თბილისის მერობა აკისრებს. „კარგად მაქვს მაქვს გააზრებული, თუ რას ნიშნავს იყო ქალაქის მერი, რამხელა პასუხისმგებლობა და რა გამოწვევებია, თუმცა მივიღე ეს გადაწყვეტილება და შემოვედი ამ ბრძოლაში ერთი მიზეზის გამო: დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლაში არ ვიქნები მარტო, ზურგს გამიმაგრებს თქვენისთანა ადამიანები - რიგითი თბილისელები და ჩვენ ერთად შევძლებთ პრობლემების მოგვარებას“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.
მისი თქმით, მას აქვს მკაფიო ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა აღიკვეთოს ქაოტური განაშენიანება, გაუმჯობესდეს ეკოლოგიური მდგომარეობა, შეიქმნას მეტი მწვანე სივრცე, გაუმჯობესდეს და პოპულარული გახდეს მუნიციპალური ტრანსპორტი და განხორციელდეს ახალი, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები.
„ვიზუალურად წარმოვადგენთ კონკრეტულ პროექტებს, რომლებიც განთავსდება სპეციალურ ვებგვერდზე, რათა თბილისელებმა შეძლონ კახა კალაძის, თბილისის მერიის და გამგეობების კონტროლი, თუ როგორ განხორციელდება ის პროექტები, რომლებზეც ჩვენ წინასაარჩევნოდ ვსაუბრობთ“, - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.
მისივე თქმით, გაგრძელდება სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და სპორტს. ამ მიზნით ქალაქში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსები აშენდება, რომლებიც ყველა ასაკის მომხმარებლისთვის იქნება განკუთვნილი.
შეკრებილ საზოგადოებას კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატმა თემურ გორგაძემაც მიმართა, რომელმაც კახა კალაძეს და „ქართული ოცნების“ გუნდს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა.