საქართველოს საჯარო სკოლებში დღეიდან ახალი სასწავლო წელი დაიწყო. წელს საჯარო სკოლებში დაახლოებით 50 300 პირველკლასელია რეგისტრირებული. ისინი Acer TravelMate B117 Notebook PC-ით დასაჩუქრდებიან.
პორტაბელური კომპიუტერი დაურიგდებათ ასევე პირველკლასელების დამრიგებლებსაც. წელს განათლების სამინისტრომ ამ მიზნით ჯამში 53 700 პორტაბელური კომპიუტერი შეიძინა.
ასევე, 2017 სასწავლო წელს სკოლებში უფასო სახელმძღვანელოების 60% ახალი, 40% კი მეორადი იქნება. უფასო სახელმძღვანელოებს მიიღებს საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით. ასევე, სახელმძღვანელოები უფასოდ გადაეცემათ კერძო სკოლების სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია 70001-ზე და ახალგორისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული სკოლების მოსწავლეებს.
საქართველოში სულ 2085 საჯარო სკოლაა.