გენერალური აუდიტორობის კანდიდატი ირაკლი მექვაბიშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს.
ამის შესახებ მექვაბიშვილმა ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, გეგმავს თუ არა საკადრო ცვლილებებს აუდიტის სამსახურში, მათ შორის, ნინო ლომჯარიასთან მიმართებაში.
"საკადრო თემასთან დაკავშირებით, თქვენ იცით, რომ გენერალურ აუდიტორს კანონით აქვს მინიჭებული ფუნქცია და უფლებამოსილება, მიიღოს საკადრო გადაწყვეტილებები, მათ შორის, მოადგილეებთან დაკავშირებით. მე ვიცი, რომ აუდიტის სამსახურში კვალიფიციური კადრები, კომპეტენტური ხალხი მუშაობს და მინდა გითხრათ, რომ ყველა კომპეტენტური, კვალიფიციური კადრი დარჩება ჩვენთან. მე, როგორც გენერალური აუდიტორი, ვიზრუნებ თითოეული თანამშრომლის კვალიფიკაციის ამაღლებაზე. თუ დადგება აუცილებლობა ისევ და ისევ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი სტრუქტურა გახდეს ეფექტური, მოქნილი და შედეგზე ორიენტირებული, შეიძლება დროთა განმავლობაში საკადრო გადაწყვეტილებები მივიღო და ეს უფლება გამოვიყენო",- განაცხადა მექვაბიშვილმა.