განთლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ახალი სასწავლო წლის დაწყება სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს თბილისის 143-ე საჯარო სკოლიდან მიულოცა.
მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ბავშვი მივიდეს ისეთ სკოლაში, რომელიც მისთვის საინტერესო და სახალისო იქნება და პირადად ის ასეთ სკოლაში წასვლას ისურვებდა.
ალექსანდრე ჯეჯელავამ ყურადღება პედაგოგებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ მათ დაუმსახურებლად ბევრი კრიტიკა მიიღეს.
„ეს არის არაჩვეულებრივი და თავდადებული ხალხი თავისი საქმისთვის, რომელთაც არც კვალიფიკაცია და არც მოტივაცია აკლიათ. სკოლებში არის მეგობრობისა და თანამშრომლობის ატმოსფერო. მე მივიდოდი ისეთ სკოლაში, სადაც წასვლა საინტერესო და სახალისოა, ჩვენ ყველანი ვყოფილვართ მოსწავლეეები და სკოლა მხოლოდ სწავლა არ არის. სკოლა არის აღმზრდელობითი პროცესი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გაკვეთილისა და დავალების გარდა კიდევ რას გთავაზობს სკოლა. ჩვენი სკოლა, ამ მხრივ, კიდევ უფრო მიმზიდველი და საინტერესო ხდება“, - განუცხადა ჯეჯელავამ ჟურნალისტებს.
საქართველოს საჯარო სკოლებში დღეიდან ახალი სასწავლო წელი დაიწყო. წელს საჯარო სკოლებში დაახლოებით 50 300 პირველკლასელია რეგისტრირებული.
საქართველოში სულ 2085 საჯარო სკოლაა.