უკვე რამდენიმე თვეა, რაც WoodSon Georgia ქართულ ბაზარს ხის ნაკეთობებით ამარაგებს.
ორიგინალური სტილისა და კრეატიული იდეების გამო WoodSon-ს პროდუქციამ პოპულარობა მალევე მოიპოვა, რაშიც ლომის წილი დამფუძნებლების თამამ და განსხვავებულ ხედვას მიუძღვის.
სამმა სრულიად განსხვავებული პროფესიის მქონე ახალგაზრდამ ხეზე მუშაობა მოულოდნელად და როგორც თავად ამბობენ, ”შემთხვევით” გადაწყვიტა. თითოეულ მათგანს თავიანთი პროფესია, საქმე და სამსახური აქვთ - საბა ელაშვილი სტატისტიკოსია, ოთარ გაბელია - ინფორმატიკის სპეციალისტი, ნოდარ თუშიშვილი კი მარკეტინგის მენეჯერი.
”მივხვდით, რომ რუტინისაგან დავიღალეთ და გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა რაღაც ისეთი, რაც ჩვენც და ადამიანებსაც ცხოვრებას გაგვიხალისებდა. ხისგან ვამზადებთ განათების სისტემებს, ავეჯს, საათებსა და ღვინის აქსესუარებს. ყოველთვის ვცდილობთ ჩვენს კოლექციას ახალი პროდუქცია შევმატოთ,” – ამბობს ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას WoodSon-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნოდარ თუშიშვილი.
WoodSon-ის სავიზიტო ბარათი მაინც სანათებია, რომლებიც სოციალური ქსელების მეშვეობით საზოგადოებაში და განსაკუთრებით ახალგაზრდებში დიდი მოწონებით სარგებლობს. თითოეულ მათგანში ჩანს იდეა, კრეატივი და შემოქმედებითი მიდგომა. სანათებს ავტორები სახელებსაც კი არქმევენ - ”რობოტა”, ”ჯეკა”, წაიკითხე წიგნები”, ”კვატა”, ”ოჩო”, ”ცოკლოპი”, ”ბონდო” და ა.შ.
მიუხედავად ამისა, ნოდარ თუშიშვილი ამბობს, რომ საკუთარი ნამუშევარი არასოდეს მოსწონთ და მუდმივად უკეთესის ძიებაში არიან.
”ჩვენ თავად ვმუშაობთ დიზაინზე, ვფიქრობთ, განვიხილავთ. გუნდის თითოეული წევრი თავიდან ბოლომდე ჩართულია პროცესში. მათ შორის უშუალოდ დამზადების სამუშაოებშიც. დამზადების პროცესი ყველაზე უფრო სახალისო და სასიამოვნოა. იდეების ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდით. ვცდილობთ ყველა ასაკის ადამიანის გემოვნება მოვიცვათ,” - ამბობს იგი.
მასალა, რომელსაც WoodSon-ში იყენებენ, 100 %-ით ბუნებრივია. პროდუქცია მზადდება წაბლის, კაკლისა და მუხის ხისაგან. რაც შეეხება საღებავებსა და ლაკს, რომლითაც ზედაპირი მუშავდება, ისინიც ეკოლოგიურად სუფთაა.
”გვყავს პარტნიორები, რომლებიც აბსოლუტურად სუფთა და უსაფრთხო პროდუქციას გვაწვდიან და ეს სერტიფიკატებით დასტურდება. ყველაფერი იმდენად უსაფრთხოა, რომ ბავშვი პირში თუ ჩაიდებს, მის ორგანიზმში არანაირი მავნე ნივთიერება არ მოხვდება,” - დასძენს თუშიშვილი.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ახალგაზრდები გაზრდასა და გაფართოებაზე ფიქრობენ.
”ჩვენი ოცნებაა პროდუქცია უცხოურ ბაზარზე გავიტანოთ. სავარაუდოდ ოქტომბრიდან ჩვენი პროდუქცია დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში ”ამაზონის“ მეშვეობით გაიყიდება,” - ამბობენ WoodSon-ში.
თაკო მათეშვილი