რატომ გადაწყვიტა მაღაზიაში კონსულტანტად მუშაობა საქართველოს ერთ-ერთმა ყველაზე ჭკვიანმა სკოლადამთავრებულმა

მარიამ ჯელაძე 2016 წელს საქართველოში ყველაზე ჭკვიანი სკოლადამთავრებული გახდა.

მან და მისმა კლასელმა, ლაშა ჭიპაშვილმა სკოლის საატესტატო გამოცდების რვავე საგანში 10 ქულა მიიღეს. ერთი წლის წინ AMBEBI.GE-სთვის მიცემულ ინტერვიუში, მარიამი გამოტყდა, რომ მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობაზე ოცნებობს და თვლის, რომ წარმატებას მიზანდასახულობა განსაზღვრავს.

ერთი წლის განმავლობაში, მარიამის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. წარმატებული მოსწავლე დღეს უკვე წარმატებული სტუდენტია - ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტზე სწავლობს. როგორც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამორჩეულმა სტუდენტმა, პირველივე წელს 1000-ლარიანი სტიპენდია დაიმსახურა უნივერსიტეტისგან. ასტროფიზიკა მარიამის მომავალი პროფესიაა. აინტერესებს სფერო, რომელიც ბოლომდე არ არის გამოკვლეული და საკუთარი წვლილის შეტანასაც აპირებს.

"ყოველთვის დიდ დროს ვუთმობდი სწავლას, თუმცა მივხვდი, რომ ეს საკმარისი არ არის. სწავლასთან ერთად, გჭირდება თვისებები, რომელიც ცხოვრებაში წარმატების მიღწევაში დაგეხმარება. ეს ზაფხული იმისთვის გამოვიყენე, რომ სხვა კუთხითაც განვვითარებულიყავი" - ამბობს საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი მოსწავლე.

იმის გამო, რომ საკუთარი ძალები სხვა სფეროშიც ეცადა, მარიამი სამუშაოდ სუპერმარკეტში, კონსულტანტის პოზიციაზე მოეწყო. ადამიანებთან ურთიერთობის გამოცდილება, პასუხისმგებლობა - ეს ის თვისებებია, რომელიც აქ მუშაობის პერიოდში შეიძინა.

"ჩემთვის მაღაზიაში მუშაობა გამოწვევა იყო, იქიდან გამომდინარე, რომ მხოლოდ გონებრივ შრომას ვიყავი მიჩვეული. შრომისმოყვარეობა დამეხმარა და გამოწვევას წარმატებით გავუმკლავდი", - ამბობს მარიამი.

გრაფიკის შეუთავსებლობის გამო, სწავლის დაწყებასთან ერთად მარიამი სამსახურს დაემშვიდობება. წინ დატვირთული, ახალი სასწავლო წელია. მომავალი ასტროფიზიკოსი გაცვლით პროგრამებში მონაწილეობასა და სამეცნიერო სფეროში წვლილის შეტანას გეგმავს.

ეკა მელიქიძე

AMBEBI.GE