საჯარო სკოლებში დღეიდან ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სკოლები სასწავლო წელს რამდენიმე სიახლით ხვდებიან.
სკოლის ბუფეტებში აიკრძალა არაჯანსაღი პროდუქტები და მოსწავლეებს აღარ დახვდებათ - საღეჭი რეზინი, კანფეტები, შოკოლადი, არომატიზებული წასახემსებლები (მაგალითად ჩიფსები, ჟელიბონი და ა.შ.), გარდა თხილეულის, ხილისა და ბოსტნეულის, რომელთაც მარილი, შაქარი ან ცხიმი აქვთ დამატებული. იკრძალება ასევე - მაიონეზით შეზავებული პროდუქციის, სოკოს, ასევე დაკონსერვებული პროდუქტების, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმის, მინერალური წყლის გარდა სხვა გაზიანი სასმელებისა და თერმულად დაუმუშავებელი კვერცხის გაყიდვა სკოლის ბუფეტებში.
კიდევ ერთი ახალი ინიციატივა ვაშლის დარიგების კამპანიაა. წლევანდელ სასწავლო წელს დედაქალაქის 10 სკოლის, 20 ათასი მოსწავლე კვირაში ერთხელ საჩუქრად ვაშლს მიიღებს. აღნიშნული კამპანიისთვის განათლების სამინისტრომ 26 ათასი ვაშლის შესაძენად ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტი უწყებას ჯამში 78 ათასი ლარი დაუჯდება.
ამასთან, მიმდინარე სასწავლო წელს სკოლებში სწავლების პროცესში დაწყებით კლასებში სამაგიდო თამაშების გამოყენება დაიწყება. სამაგიდო თამაშები ქვეყნის მასშტაბით 500-მდე სკოლაში ყველა დაწყებით კლასში დარიგდება. როგორც სამინისტროში აცხადებენ, თამაშები ძირითადად მცირეკონტინგენტიან სკოლებს დაურიგდებათ. ამ პროექტისთვისაც სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერი უკვე დასრულდა. სატენდერო პირობების თანახმად, პროექტი სამინისტროს ჯამში 89 780 ლარი დაუჯდება.
წელს საჯარო სკოლებში რეგისტრირებული დაახლოებით 50 300 პირველკლასელი თავიანთ დამრიგებლებთან ერთად პორტაბელურ კომპიუტერებს Acer TravelMate B117 Notebook PC-ით მიიღებენ საჩუქრად. განათლების სამინისტრომ ამ მიზნით ჯამში 53 700 პორტაბელური კომპიუტერი შეიძინა. 2017 სასწავლო წელს სკოლებში ყველა მოსწავლე პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით უფასო სახელმძღვანელოებს მიიღებს, სახელმძღვანელოების 60% ახალი, 40% კი მეორადია.