პეკინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების სტადიაზეა , - ამის შესახებ თბილისი მერმა დავით ნარმანიამ დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პეკინის ქუჩაზე უახლოეს დღეებში დასრულდება ტროტუარების მოპირკეთება, რის შემდეგაც ქუჩა როგორც ავტოტრანსპორტისთვის, ასევე ფეხით მოსიარულეთათვის სრულად გაიხსნება.
დედაქალაქის მერმა პეკინის ქუჩაზე ჩატარებული სამუშაოები შეაჯამა და მოსახლეობას გამოჩენილი მოთმინებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, მერიის სხვადასხვა სამსახურების, კომპანია GWP-სა და „ბლექ სი გრუპის“ კოორდინირებული მუშაობის შედეგად, პეკინის ქუჩაზე საკმაოდ სერიოზული სამუშაოები ჩატარდა.
"უახლოეს დღეებში თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახური დახაზავს ქვეითთა გადასასვლელებს. გამწვანების სამსახური იმუშავებს, ასევე დაიდგმება სკამები და მივიღებთ კეთილმოწყობილ გამზირს, რომელიც თითით საჩვენებელი იქნება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.