ახალი iPhone-ების წინასწარი შეკვეთები საქართველოს ზოგიერთ მაღაზიაში ორშაბათიდან, 18 სექტემბრიდან დაიწყება. საუბარია iPhone 8-სა და iPhone 8+-ზე.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ზოგიერთ მაღაზიაში უთხრეს, მართალია iPhone 8-სა და iPhone 8+-ის გაყიდვები შეერთებულ შტატებში 21 სექტემბრიდან იწყება, თუმცა საქართველოში ახალი აიფონები 1 დღით ადრე ანუ 20 სექტემბერს გამოჩნდება და იმ პირებისთვის, ვისაც სურვილი ექნება რომ საქართველოში და მსოფლიოში პირველებს ჰქონდეთ აღნიშნული ექსკლუზიური მოდელები, მათი შეძენა 21 სექტემბრამდე 5 555 ლარად შეეძლებათ. 21 სექტემბრის შემდეგ კი ფასები შედარებით დაიწევს და 2 000 ლარის ფარგლებში ეღირება.
აღსანიშნავია, რომ ფასები განსხვავებულია სხვა მაღაზიებში. რადგან ზოგიერთი მაღაზიის ცნობით, 21 სექტემბრიდან iPhone 8-სა და iPhone 8+-ის ფასები სავარაუდოდ 3 ათასი ლარიდან დაიწყება.
რაც შეეხება iPhone 10-ს, მისი გაყიდვები აშშ-ში 3 ნოემბერს იწყება, თუმცა, როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ზოგიერთ მაღაზიაში უთხრეს, ქართულ ბაზარზე iPhone-ის საიუბილეო მოდელი ერთი დღით ადრე ან მაქსიმუმ 3 ნოემბერს გამოჩნდება და მისი ფასი 9 999 ლარი იქნება მათთვის, ვისაც პირველს სურს მისი შეძენა. უკვე 4 ნოემბრიდან კი iPhone 10-ის ფასი დასტაბილურდება და 2 700 ლარის ფარგლებში იქნება.
Apple-მა iPhone 8-ის, iPhone 8+ - სა და საიუბილეო iPhone X კალიფორნიაში, სტივ ჯობსის თეატრში 12 სექტემბერს წარმოადგინა.
iPhone 8 და iPhone 8 + ვიზუალურად iPhone 7-ის მსგავსია, რაც შეეხება iPhone X-ს, იგი განსხვავებულია. ამ მოდელის მთავარი ღირსებაა ე.წ. უსაზღვრო ეკრანი - all screen. ანუ, წინა პანელი მთლიანად ეკრანს უკავია. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, ეკრანი მაღალი გარჩევადობითა და ფერთა ფართო გამით გამოირჩევა. ასევე, მას აქვს სახის სკანერი, თუმცა აღარ აქვს თითის სკანერი.
რაც შეეხება ფასებს, აშშ-ში iPhone 8 699 $ ეღირება, iPhone 8 + - 799 $, ხოლო iPhone X- 999 $.