საქართველოსა და თურქეთის საბაჟოების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა გაიმართება, რათა თურქულმა მხარემ სარფის საბაჟოს თავის მხარეს მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები მაქსიმალურად დააჩქაროს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.
,,ჩვენ მხარეს არანაირი რიგები არ არის. ჩვენ ჩართული გვაქვს ონლაინ კამერები და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია, ონლაინ კამერებში ნახოს, თუ რა ხდება საქართველოს მხარეს. გარდა ამისა, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც უწევთ დგომა საზღვარზე, მაქსიმალურად ვაწვდით წყალს, რომ ისინი არ შეწუხდნენ. ჩემს პირველ მოადგილეს ჰქონდა შეხვედრა თურქეთის ელჩთან ამ საკითხთან დაკავშირებით. იქნება შეხვედრა უკვე საბაჟოების ხელმძღვანელების დონეზე იმისთვის, რომ თურქულმა მხარემ მაქსიმალურად დააჩქაროს თავის მხარეს მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები. საბოლოო ჯამში, ჩვენ თურქული მხარე ძალიან გვეთანამშრომლება, თუმცა, რა თქმა უნდა, ხანდახან ხდება ისე, რომ მშენებლობის პროცესში მათ მხარეს შეიძლება იყოს შეფერხება. თანამშრომლობა თურქულ მხარესთან გვაქვს ყოველდღიური. ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი გადადგმულია. ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალურად ვეხმარებით“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.