აუცილებელია გაჩნდეს გრძელვადიანი რესურსი ლარში, რომ მოხდეს ინვესტირება ეკონომიკაში და ეს მხოლოდ დაგროვებითი საპენსიო რეფორმით არის შესაძლებელი.
ამის შესახებ ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში მიხეილ დუნდუა აცხადებს.
მისივე განცხადებით, დაგროვებითი პენსია არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ქმნის დანაზოგების ძალიან დიდ მოცულობას წლების განმავლობაში.
”სანამ მოხმარებიდან დანაზოგებზე არ გადავალთ, დაზოგვისკენ მიდრეკილება არ გაიზრდება, ასეთი ვითარება იქნება ლართან მიმართებაში. მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფო აპირებს სერიოზული რეფორმის განხორციელებას, რომელიც როგორც ლარზე, ასევე ინვესტიციებზე დადებითად აისახება და ეს არის საპენსიო რეფორმა, რომელიც ოქტომბრიდან გამოცხადდება. მომავალი წლის მეორე ნახევრიდან საქართველო უნდა გადავიდეს დაგროვებით საპენსიო სისტემაზე. დაგროვებითი პენსია უზრუნველყოფს ღირსეულ მაღალანაზღაურებად სიბერეს. ეს ფუნდამენტური ნაწილია საბაზრო ეკონომიკის, რომელიც ჩვენ არ გაგვაჩნია, ახლა გვაქვს მხოლოდ სოციალური პენსია. დაგროვებითი პენსია იმიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ქმნის დანაზოგების ძალიან დიდ მოცულობას წლების განმავლობაში. აკუმულირება ხდება ასეულობით მილიონი ლარის, იმისთვის, რომ დაგროვდეს დანაზოგი, შეიქმნას გრძელვადიანი რესურსი ლარში და გარდაიქმნას ინვენსტიციად. როცა ეს რეფორმა განხორციელდება, საქართველო გახდება საინვესტიციო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ქვეყანა შიდა ინვესტიციების განხორციელების კუთხით. სანამ არ გვაქვს დაგროვებითი სისტემა, იქამდე ამ რესურსს ვერ ვიყენებთ. იმისთვის რომ გადაიჭრას პრობლემა, აუცილებელია გაჩნდეს გრძელვადიანი რესურსი ლარში, რომ მოხდეს ინვესტირება ეკონომიკაში და ეს მხოლოდ დაგროვებითი საპენსიო რეფორმით არის შესაძლებელი. სხვა მექანიზმი უბრალოდ არ არსებობს”, - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.