ყოველი 1000 მოსახლიდან 800-მდე ადამიანს ბანკის ვალი აქვს, - ამის შესახებ ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში მიხეილ დუნდუა აცხადებს.
მისივე განცხადებით, საქართველო ბანკის ვალის მქონე მოსახლეობით პირველ ადგილზეა.
„საქართველო ამ მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ეს არის მსოფლიოს ისტორიული მაქსიმუმი, არც ერთ წელს, არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა ის, რაც საქართველოსთან დაკავშირებით მსოფლიო სავალუტო ფონდის ანგარიშში დაფიქსირდა. საქართველო პირველ ადგილზეა ბანკის ვალის მქონე მოსახლეობით. ჩვენ გვყავს მოქალაქეები, რომლებიც მკვეთრად არიან დამოკიდებული საბანკო სექტორზე. ყოველივე ეს საბოლოო ჯამში გვიქმნის დამაჯერებელ რწმენას, რომ აუცილებელია ქვეყანაში გაჩნდეს გრძელვადიანი რესურსი ლარში, რომ მოხდეს ინვესტირება ეკონომიკაში“, - აცხადებს დუნდუა.
როგორც დუნდუამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არ შეიძლება მოქალაქეს სესხი შემოსავლის დადასტურების გარეშე მისცე.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთი რეკომენდაციაა და აუცილებელია ეს ჩვენმა ეროვნულმა ბანკმა გაითვალისწინოს, როცა საცალო სესხს გასცემს კომერციული ბანკი, მისი გადახდის, დაფარვის გრაფიკი უნდა იყოს მოქალაქის შემოსავლის ნაწილი. მოქალაქე თავისი შემოსავლის უმეტეს ნაწილს ბანკს არ უნდა უხდიდეს. ეროვნულ ვალუტაში სასურველია, რომ ეს იყოს 30%, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 20%. ბანკმა რომ მოქალაქე არ დაახრჩოს, ამ რეკომენდაციის შესრულება ძალიან ყოვნდება. იმედი მაქვს, თვის ბოლოს შეასრულებს ამას ეროვნული ბანკი. უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემა შეიზღუდა, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ეს რეკომენდაციაც უნდა შესრულდეს. არ შეიძლება მოქალაქეს სესხი მისი შემოსავლის დადასტურების გარეშე მიეწოდოს. მე ვერ ვხედავ ამ რეკომენდაციის შეუსრულებლობას ხელს რა უშლის“, - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.