წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2017 წლის აგვისტოში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 15.1%-ით ანუ 16 მილიონი ამერიკული დოლარით გაიზარდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 121.8 მილიონი დოლარი, ანუ 291.9 მილიონი ლარი შეადგინა.
სებ-ის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.5 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აგვისტოში 1 მილიონ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 93.0 პროცენტი მოდიოდა.
იმ ქვეყნების ხუთეული, საიდანაც საქართველოში 2017 წლის აგვისტოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, ასე გამოიყურება: რუსეთი (40.3 მილიონი ამერიკული დოლარი); აშშ (12.8 მლნ); იტალია (12.7 მლნ); საბერძნეთი (11.5 მლნ) და ისრაელი (10.8 მლნ).
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2017 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 19.4 მილიონი დოლარი (46.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 17.3 მილიონი დოლარისა (40.2 მლნ ლარისა) გასული წლის აგვისტოში.
2017 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 15.8 მილიონი დოლარი (38.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.7 მილიონი დოლარისა (36.8 მლნ ლარისა) გასული წლის ივლისში.