მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ საჯარო მოხელეებსა და თვითმმართველობებში დასაქმებულ მოქალაქეებზე მიმდინარეობს საშინელი ზეწოლა, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა შორენა ბუხრაშვილმა საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ბაღის გამგეები თანამშრომლებს ეკითხებიან, რომელი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერები არიან.
გარდა ამისა, ბუხრაშვილის მტკიცებით, ბაღის გამგეები და მუნიციპალიტეტების თანამშრომლები წინასაარჩევნო აგიტაციაში კანონდარღვევით მონაწილეობენ.
"ბაღის გამგეები იბარებენ თანამშრომლებს და ეკითხებიან, რომელი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერები არიან. ქალბატონ თამარ ტალიაშვილს მივმართავ, ვიცი, რომ ამ ინფორმაციას უარყოფთ, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს ასეა. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტების თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულნი წინასაარჩევნო კამპანიაში. არ ვამბობ, რომ კანონი მათ უკრძალავს 18:00 საათის შემდეგ მონაწილეობა მიიღონ კანდიდატებთან შეხვედრებში ან აგიტაციებში, მაგრამ ფიქსირდება ფაქტები, რომ ისინი სამუშაო საათებშიც ახორციელებენ კანონით შეზღუდულ საქმიანობას", - განაცხადა შორენა ბუხრაშვილმა.
საკრებულოს სხდომაზე დღეს 26 საკითხს განიხილავენ.