ხათუნა სამნიძე -  საპატრიარქოს კიდევ ერთი ქონება გადაეცა 1 ლარად

დედაქალაქის მფლობელობაში არსებული სამშენებლო მასალა - 41 940 ცალი ბეტონის ქვაფენილი, 250 კვ.მ. ბაზალტის ფილა და 220 ცალი რკინის ჩარჩოში ჩასმული მასალა საპატრიარქოს 1 ლარად გადაეცა , - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ თბილისის საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, უცნობია, რაში გამოიყენებს საპატრიარქო ამ ქონებას, რადგან მონიტორინგის საშუალება არ არსებობს.

ხათუნა სამნიძე მიიჩნევს, რომ ეს არის სახელმწიფოს მიერ ეკლესიისთვის ხარკის გადახდა.

„თბილისის ხელისუფლება - მთავრობა და საკრებულო აგრძელებს იმ მახინჯ პრაქტიკას, რაც წლების მანძილზე იყო - ეს არის საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობა.

დღევანდელ სხდომაზე ახალი რეალობა დაიწყო ამ ურთიერთობაში და უძრავი ქონების ნაცვლად, რასაც ყველა სხდომაზე აკეთებდნენ, დღეს უკვე მოძრავი ქონება გადაეცა საპატრიარქოს 1 ლარად.

კომისიის სხდომაზე არ თქვეს, რა არის ამ ქონების ღირებულება. ეს არის ქალაქის მფლობელობაში არსებული სამშენებლო მასალა - 41 940 ცალი ბეტონის ქვაფენილი, 250 კვ.მ-ის ბაზალტის ფილები, 220 ცალი რკინის ჩარჩოში ჩასმული მასალა და სხვა ქონება. არავინ იცის რაში მოიხმარს ამ ქონებას საპატრიარქო, რადგან მონიტორინგის საშუალება არ არსებობს.

ეს ხდება მაშინ, როცა გარემოვაჭრეებზე ჩამორთმეული ქონება ვერ დაუბრუნეს მათ იმიტომ, რომ არ არსებობდა წესი, რის მიხედვითაც ჩამორთმეული ქონება უნდა დაებრუნებინათ უკან“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

თბილისის საკრებულოს სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორის ერთ-ერთი საკითხი იყო „სსიპ - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის (ს/ნ: 204395537) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, განსაზღვრული მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებაზე თანხმობის მიცემის შესახებ (საკრებულოს №04/9653 6.09.2017)“.

საკრებულოს წევრებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.