ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან მისასვლელი რკინიგზა შესაძლოა ჩინურმა კომპანიამ ააშენოს. საუბარია, China Railway 23rd Bureau Group-ზე.
რკინიგზის მშენებლობისთვის, „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება დღეს დასრულდა. კომპანია, რომლის წინადადების განხილვაც მიმდინარეობს, ამ ეტაპზე სწორედ China Railway 23rd Bureau Group-ია. კომპანიის მიერ შეთავაზებული წინადადების თანახმად, პროექტის ღირებულება 3 720 775 ლარია.
აღსანიშნავია, რომ სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 088 633 ლარი იყო.
სამუშაოები ქუთაისის აეროპორტთან მისასვლელი სარკინიგზო ხაზის მიწის ვაკისის შემოღობვის, სარკინიგზო გადასასვლელების, ხელოვნური ნაგებობების, მაღალი და დაბალი ბაქნების მშენებლობას გულისხმობს.
გამოცხადებული ტენდერის პირობების თანახმად, რკინიგზის სამშენებლო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა დასრულდეს.